დიანა რევაზიშვილი – მხატვარი ნეონის ფერებით

აგვისტოს ბოლოს, თბილისში, “იარტ გალერეაში” არტმეგობრების საზაფხულო ჯგუფური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით “სინათლისკენ მოძრავი სამყარო”, რომელიც სხვადასხვა ჟანრში და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებით 90 მხატვარი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მხატვარი, დიზაინერი, ქცევის ანალიტიკოსი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი დიანა რევაზიშვილი, რომლის ერთი ნახატი აკრილის საღებავებით შესრულებული კონცეპტუალური ტილო იყო სახელწოდებით “მშვიდობა”. “ვინაიდან ხელოვნების ენა ყველას ესმის, ჩემი ნამუშევრით მინდა მსოფლიოს საზოგადოებას მშვიდობისკენ მოვუწოდო”, – განაცხადა ქართულ კვირასთან საუბრისას დიანა რევაზიშვილმა.

მისი ნახატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს(საკუთარი პორტრეტი) და ამერიკის ყოფილ ელჩს კელი დეგნანს(საკუთარი პორტრეტი) აქვთ. იგი, ასევე, ბროშის სახით ქმნის ძალიან საინტერესო მინიატიურულ ნახატებს და სწორედ ასეთი ბროში სახელწოდებით “ნახეს უცხო მოყმე ვინმე” ბლუმბერგის რედაქტორმა ჰელენა ბედველმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აჩუქა კელი დეგნანს, ასევე ქალბატონმა ჰელენა ბედველმა გუგლის დამფუძნებელს, ლარი პეიჯს უსახსოვრა დიანას ნახატი სახელწოდებით “ჯორჯ ვაშინგტონის 16 სახე”.

როგორც დიანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი ნამუშევრები ძირითადად კონცეპტუალურ იდეაზეა შექმნილი. ახლა შევეცდებით, რომ უფრო ახლოს გაგაცნოთ იგი.

– დამთავრებული მაქვს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და შემდეგ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

2007 წლს საქართველოს ეკონომიკა განვითარების ეტაპზე იყო (სწორედ ამ დროს დავამთავრე სამხატვრო აკადემია), მხატვრს არ შეეძლო მხოლოდ მხატვრობით გაეტანა თავი. გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ბიზნესს საქმიანობაში და ჩემს დასთან ერთად გავხსენი მაღაზიათა ქსელი “GLamour boutique – გლამურ ბუტიკი” და “L’ETOILE paris – ლეტუალ პარიზი”. ამ სფეროში ჩემს მხატვრულ – დიზაინერულ ნიჭს ვიყენებდი ინტერიერის, ექსტერიერის, მოდელების შერჩევაში, ვიზუალურ გაფორმებაში და ასე შემდეგ.

2015 წელს დავოჯახდი, საერთო შევწყვიტე ბიზნესს საქმიანობა და ჩემს დას გადავეცი სრული მართვა. 2017 წელს შემეძინა დემე და სრულიად გადავერთე ოჯახურ რუტინაში.

– როგორც ვიცი, სწორედ დემეს დამსახურებით დაუბრუნდით მხატვრობას…

დიახ, დემეს დამსახურებაა ხელოვნებას რომ დავუბრუნდი… 2,5 წლის ასაკში დემეს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ყველაფერი შეცვალა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, მეუღლემ მიგვატოვა, ჩემი დანაზოგიც აღარ მქონდა… აღმოვჩნდი მარტო ჩემს შვილთან ერთად…

დემე საჭიროებდა აუტიზმის პროგრამით გათვალისწინებულ დროულ თერაპი, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ლოდინი დიდხანს გვიწევდა, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ გამევლო ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში, ჩემი შვილის დასახმარებლად ქცევის თერაპევტი გავმხდარიყავი და მცოდნოდა რთული ქცევის მართვის ტექნიკ, შემესწავლა თვითმომსახურების უნარები დასწავლის მეთოდები და ქცევის ანალიზი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გავიარე საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში და ქცევის ანალიტიკოსის სერტიფიკატი მომენიჭა. ცოტა ხანში კოვიდპანდემია დაიწყო და ყველას სახლში ყოფნა მოგვიწია. დავიწყე ბროშების კეთება, მაგრამ მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და მხოლოდ ბროშებზე ვერ გავჩერდებოდი. მომივიდა იდეა დამეხატა ნამუშევრების სერია ამერიკის 46 პრეზიდენტი. ხატვა ნეონის ფერებით დავიწყე. დავინახე, რომ ხატვის პროცესში დემემ ყურადღება მომაქცა, გამოიჩინა ინიციატივა, რომ მასაც მიეღო მონაწილეობა… მომდევნო ნამუშევარი უფრო მკვეთრ ტონებში დავხატე და უფრო მეტად დაინტერესდა. დემემ მომცა იმის მოტივაცია, რომ დანარჩენი 46 პრეზიდენტი მკვეთრ ნეონის ფერებში დამეხატა.

როდესაც კოვიდპანდემიამ საქართველოში ყველაფერი გააჩერა, გადავწყვიტე საკუთარი თავის რეალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე მეცადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ – იორკში, ინტერნეტის მეშვეობით ვნახე რამდენიმე გალერეა და ერთ – ერთს, “აგორა გალერეას” გავუგზავნე ჩემი ნამუშევრები და მათი სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ მივიღე ოფიციალური ხელეკრულება და მიწვევა გამომეფინა ამერიკის პრეზიდენტების ჩემი ნამუშევრების კოლაბორაცია, რომლითაც ისინი აღფრთოვანდნენ. მოეწონათ ჩემი სტილი და მკვეთრი ფერები. შემდეგ, ამას მოყვა ჩელსის სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი ნიუ – იორკში. “არტბოქსის პროექტი ნიუ – იორკში-ARTBOX.PROJECT New York 2.0’’და ასე შემდეგ …”.

  • საგამოფენო სივრცექარვასლა“ – 2006 აკადემიის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა (თბილისი, საქართველო)
  • აკადემიის საგამოფენო დარბაზი 2005 წელიგაბრიელ ვონ ჰაბსბურგი და ნიკოლაუს ჰიპპი, ქანდაკებისა და გრაფიკის ფაკულტეტის ჯგუფური გამოფენა (მოწვეული მხატვარიპროფესორი) (საქართველო, თბილისი)
  • CHELSEA FINE ART INTERNATIONAL COMPETITION – ჩელსის სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი, ნიუიორკი  – 03/19/2022
  • FIRST WISH ART GALLERY – საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, მისია, 22.01.2023, სილქ ფაქტორი სტუდია (საქართველო, თბილისი)
  • არტმეგობრების ჯგუფური გამოფენასიყვარულის ელეგია“, 14.02.2023, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი. (თბილისი, საქართველო)
  • არტფესტივალი, EMOTION – ,,ემოცია’’, ახალგაზრდა მხატვართა გილდია – 17.02.2023, სილქ ფაქტორი სტუდია. (საქართველო, თბილისი)
  • ARTBOX.PROJECT, NEW YORK 2. ! Art Box Project New York – არტბოქს პროექტი 04/17/2023 (მისამართი – New York, 345 Broome St, New York, NY 10013)
  • არტმეგობრების ჯგუფური გამოფენა, შემოქმედებითი გზა, 23.05.2023 სტუდია Silk Factor (საქართველო, თბილისი)
  • FIRST WISH ART GALLERY – ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა – 28.01.2023, სილქ ფაქტორი სტუდია (საქართველო, თბილისი)
  • იარტ გალერეა“ „არტმეგობრების“ საზაფხულო გამოფენა „სინათლისკენ მოძრავი სამყარო” 24-28 აგვისტო 2023 წელი,თბილისი საქართველო

ეს მცირე ჩამონათვალია იმ გამოფენებისა, სადაც დიანა რევაზიშვილი მონაწილეობდა. 2024 წლის 15 მაისს მას უკვე დაგეგმილი აქვს ნიუ – იორკის არტსიმპოზიუმში მონაწილეობა, რომელიც იუნესკოს ეგიდით გაიმართება და იმედია, მალე სხვა სიახლეებსაც გაგვიზიარებს.