ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით და პატრონაჟით ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაში (16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის). ამ ოლიმპიადის მასპინძელი საქართველო 2020 წელსაც იყო, მაგრამ მაშინ პანდემიის გამო იგი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
ოლიმპიადა 8 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდა. ქუთაისში ევროპის 24 ქვეყნის 100-მდე უძლიერესი მოსწავლე ჩამოვიდა და მათთან ერთად, ცხადია ქართველი მოსწავლეებიც მონაწილეობენ. თითო ქვეყნის გუნდში მაქსიმუმ 4 მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი.
ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი ბულგარელი მოსწავლე ანდრეი სტეფანოვი გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან ერთად, გადასცა.
გამარჯვებული მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.
“ზოგადად, ინფორმატიკის ოლიმპიადების ჩატარება ძალიან ძნელი საქმეა, რადგან გარდა სხვა რთულად გადასაჭრელი საორგანიზაციო საკითხებისა, თვითონ ჩატარების პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია და რამდენიმე რთული ავტომატიზებული სისტემის მომზადება და ექსპლუატაციაა საჭირო, რომელთაგან ერთში მაინც ხარვეზის გაპარვამ შეიძლება ოლიმპიადის ჩაშლამდე მიგვიყვანოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საშეჯიბრებო ორიგინალური ამოცანების მომზადება, რომლებიც პარალელურად ითხოვენ შესაბამის ალგორითმებზე დაფუძნებული ამოხსნების, ამ ალგორითმების სარეალიზაციო პროგრამების და მონაწილეთა ნაშრომების შესამოწმებელი ურთულესი ტესტების შემუშავებას. მადლობა ჩვენს ყოფილ ოლიმპიელებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ამ ურთულეს საქმეს. საბედნიეროდ ოლიმპიადა ხარვეზების გარეშე ჩატარდა”, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა გიორგი მანდარიამ.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია, რომელიც 7 წლის წინ დაფუძნდა. დაარსების დღიდან ტურნირის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოვლინდა. სხვადასხვა დროს EJOI-ის ოლიმპიადაში ქართველმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. EJOI-ის პირველი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი სწორედ ქართველი მოსწავლე – ნიკოლოზ ბირკაძეა.