კაიროში, ექსპერიმენტული თეატრების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ეგვიპტელი მაყურებლის წინაშე წარადგინა სპექტაკლი “ოტელო”, რომელსაც აღფრთოვანება და ხანგრძლივი ოვაციები ხვდა წილად.
აი რას წერს სპექტაკლის შემდეგ ეგვიპტელი დრამატურგი ისრა მაჰბუბი: “თეატრს ჯერ კიდევ შესწევს ძალა შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოხატოს ოვაციები. ეს იყო სიურპრიზი, ზღაპრული და დიადი.
თოჯინები და მსახიობები – დეტალები ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. თავად თოჯინა იყო მსახიობი!
ქართველების მიერ წარმოდგენილი „ოტელო“ გასაოცარი, შემოქმედებითი, ზღაპრული, ძალზე თამამი და ჭკვიანური ხედვით დადგმული სპექტაკლია”.
“ოტელო” სამ ნომინაციაში გავიდა: საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო რეჟისურა და გრან-პრი. გია მარღანიამ და დიმიტრი ხვთისიაშვილმა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის აიღეს.
„ოტელოს” პრემიერა 2022 წელს შედგა. „ოტელო“ თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს.