კინოს ჯადოქარი სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ხელოვნება საზღვრების გარეშე – ეს ფორმულირება ყველაზე კარგად გამოხატავს მის შემოქმედებას. პირველად, ახმეტელის თეატრის სცენაზე სპექტაკლი მისი ბოლო კინოსცენარის „აღსარება – მე – სერგო ფარაჯანოვი“ მიხედვით განხორციელდა(რეჟისორი ირაკლი გოგია). სცენარი ავტობიოგრაფიულია და სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებას ასახავს. მულტიმედია პერფორმანსი ახალი გამომსახველობითი ხერხებით მაყურებელს ფარაჯანოვის სამყაროს შესახებ უყვება.
სპექტაკლი დიდი ხელოვანის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
მსახიობი გიორგი გასვიანი: – „ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ასეთი გენიოსი ადამიანის ბავშვობის სევდის გადმოტანა სცენაზე… ვთვლი, რომ უნიკალური შესაძლებლობა მომცა რეჟისორმა ირაკლი გოგიამ… ეს ფარაჯანოვის ამარკორდია, მან ამ სცენარის გადაღება ვეღარ მოასწრო, ჩვენ კი პირველები ვართ მსოფლიოში ვინც “აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“ სცენაზე დადგა. მადლობა სერგო ფარაჯანოვს, რომელსაც დაბადებიდან 100 წელი უსრულდება, ეს სპექტაკლი კი მის დიდებულ ხსოვნას ეძღვნება…“
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
მხატვარი – ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი – კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი გასვიანი; ჯორჯ დვალიშვილი; ნინო ციმაკურიძე; ბუკა ღლონტი; ელენე ბეჟიაშვილი; ანანო გულედანი, გიორგი ფირანიშვილი.
მაყურებელი ფარაჯანოვისnსამყაროს ახმეტელის თეატრში 15, 16, 17 სექტემბერს ეზიარება, სწორედ ამ დღეებშია დანიშნული სპექტაკლის „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“ პრემიერა.
📷იური მეჩითოვი