ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის ოსტატებმა ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვეს

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის ოსტატებმა ბულგარეთში, ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო საგამოფენო კარვის მოწყობა“ გაიმარჯვეს.

ტრადიციული რეწვის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ბულგარეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმში ETAR გაიმართა. ფესტივალზე საკუთარი ქვეყნის ტრადიციული რეწვა გამოფენის სახით 15 ქვეყანამ წარადგინა: უნგრეთმა, მალტამ, ლატვიამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, სერბეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა, ირანმა, თურქეთმა, სომხეთმა, მაკედონიამ და ა.შ.

ფესტივალზე გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა: საუკეთესო საგამოფენო კარვის მოწყობა; ახალგაზრდა ოსტატების ეროვნული კონკურსი; კონკურსი საიუველირო უნარებში; საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების შესახებ საუკეთესო მოხსენება და ტრადიციული რეწვის თანამედროვე ასახვა.

ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლამ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა ნანული აზიკურის და მისი მოსწავლეების თუშური ფარდაგები, ხელით ნაქარგი ხევსურული სამოსი, აქსესუარები, სამუზეუმო ექსპონატების მიხედვით აღდგენილი ქართული ტრადიციული წინდები, თუშური წინდები, ქართული ჩითები, ასევე, მიხეილ ოდიშვილის ხის და თიხის ნამუშევრები ქართული ორნამენტით.

გაბროვოს მუზეუმში ფესტივალს სამი დღის განმავლობაში 9000 ადამიანი სტუმრობდა.