ლევილის ქართულ ფესტივალს მორიგმა ფრანგულენოვანმა გამოცემამ სტატია მიუძღვნა

“ლევილის ქართველთა მამულის” ინფორმაციით, ლევილის ქართულ ფესტივალს მორიგმა ფრანგულენოვანმა გამოცემა მიუძღვნა სტატია სათაურით – “ამ ზაფხულს გაეცანით ქართულ ხელოვნებასა და კულტურას”.

სტატიაში მიმოხილულია ფესტივალის ფარგლებში გამართული ღონისძიებები; დადებითად არის შეფასებული საფესტივალო პროგრამა თუ დღესასწაულზე წარმოდგენილი ქართული კულინარიის ნიმუშები.

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, გარდა იმისა, რომ ფესტივალი ქართულ ხელოვნებას მიაგებს პატივს, იგი წარმოაჩენს ლევილ-სიურ-ორჟის მამულის მნიშვნელობას, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიაში ამ სამუშაოებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. როგორც ცენტრის მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი განმარტავს, ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული ცენტრი ოთხ ჰექტარ მიწის ფართობზე გაიშლება და აქ განთავსდება მუზეუმი, ქართული რესტორანი ქართული ტიპური ნაგებობით, სასტუმრო ოთახები, დარბაზი კულტურული ღონისძიებებისთვის, ბიბლიოთეკა და მედიათეკა.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მამული საქართველოს 18-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად დაუბრუნდა.