1962 წლის 29 ივნისს, ჟენევაში, თბილისის “დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის “რეალს” სძლია და იმხანად ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო თასი მოიგო.
მაშინ “დინამოს” კაპიტანი გურამ მინაშვილი(კონსტანტინე გამსახურდიას ქალიშვილის – თამარ გამსახურდიას მეუღლე) გახლდათ.
მოგვიანებით, გურამ მინაშვილი წერდა: “გამარჯვების მერე ბანკეტი გაიმართა. დიკა კედიამ მომაკითხა და მითხრა, ბატონ გრიგოლ რობაქიძეს უნდა თქვენთან შეხვედრაო… დღემდე ვნანობ და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, ვერ მოვახერხე იმ საღამოს ბანკეტიდან გამოპარვა, მეორე დღეს კი გამოვფრინდით. ოთხ თვეში გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა. ვინ იცის, რისი თქმა სურდა”…
ამავე მოგონებაში გურამ მინაშვილი წერს:
…”ფინალს ჟენევის პატინუარ დუ ვერტენსმა უმასპინძლა. მთელი დარბაზი გადათეთრებული იყო, ათასობით ესპანელს შორის კი დინამოს მხოლოდ ოთხი ქომაგი იყო, მაგრამ რა გულშემატკივრები: საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პირველი ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას ქალიშვილი დიკა კედია, შალვა დადიანის პირველი მეუღლე ნინო ჩხეიძე, გალაკტიონის მუზა – მერი შერვაშიძე და ქართული პროზის პატრიარქი გრიგოლ რობაქიძე”…
წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია