2002წლის 30 აგვისტოს, ჰენრი კუპრაშვილმა, კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გადაცურა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრული კოლხური — უძველესი ქართული სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა) დარდანელის სრუტე, 12 კმ. 3 საათსა და 15 წუთში, ამასთან სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აზრით, „ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ქართული ცურვა, ანუ ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას“, აღინიშნებოდა, რომ მან ასევე „სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს“ და დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში; მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო; შემდგომში მან დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.
მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა და სხვ. ეს თიკუნები მიიღო მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” აუზში ჰენრი კუპრაშვილმა ამავე სტილით გაცურა ორი კილომეტრი 92 წუთში, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიები აშუქებდნენ.