ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირეული დასრულდა.
13 აგვისტოს საქართველოს კამერულმა გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, ასევე შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები: „ქორალი” და „ბალახო მითხარ”. ღონისძიების მეორე ნაწილში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ფიროსმანი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი). ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
19 და 20 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან: თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“, რეჟისორი ივანე ხუციშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ კონცერტით დაიხურება.