შინდისის ბრძოლა

შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ, დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის, ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. 17-მა ქართველმა მებრძოლსისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა

გიგა მურვანიძე, შინდისის ბრძოლის გადარჩენილი გმირი: ” ყველა ვიცნობდით ერთმანეთს… ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ იმ დღეს, ყველა ჩვენგანმა დაივიწყა საკუთარი სიცოცხლე. ეს იყო თავგანწირვა. ისეთი ცეცხლის ქვეშ მოვყევით, იქ გადარჩენა შეუძლებელი იყო. ყველამ ვიცოდით, რომ დავიღუპებოდით. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, მტერი ჩაგვეძაღლებინა და სანამ ყველას მოგვკლავდნენ, რაც შეიძლება მეტი მოგვეკლა.. გადარჩენაზე არავინ ვფიქრობდით. ამიტომაც დაინთო იქ ასეთი თავგანწირვის ცეცხლი… მებრძოლი რომ თავს და სიცოცხლეს გადადებს, მერე რასაც გააკეთებს კი იცით… ასე მოხდა მაშინაც.

11, 12 და 13 აგვისტო_ 3 დღის განმავლობაში, მეც მიცვალებულთა შორის ვიყავი, უგონო მდგომარეობაში. დრო და დრო მოვდიოდი გონზე, მაგრამ მერე, ისევ ვკარგავდი გონებას… როგორც იცით, შემდეგ ადგილობრივმა, ახმეტა ხუციშვილმა გამოგვიყვანა, ვინც ცოცხლები გადავრჩით.”

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.