პარიზში ყოფნის დროს გიორგი ნიკოლაძემ გამომთვლელი მანქანის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. ყველა მათგანი მექანიკური იყო და ორ მოქმედებას, შეკრებასა და გამოკლებას ასრულებდა. ამ გამოფენის დათვალიერების შემდეგ მას გაუმჟღავნებია თავისი გამოგონება.
გიორგი ნიკოლაძემ, მსოფლიოში პირველმა გამოიგონა ელექტროგამომთვლელი მანქანა, რომელიც მარტივ პრინციპზე იყო აგებული და ოთხივე მათემატიკურ მოქმედებას ასრულებდა. 1927 წლის ბოლოს გიორგიმ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა თავისი გამოგონების აღწერილობა. ამ გამოგონებით ძალიან დაინტერესდა მორის დოკანი. მორის დოკანმა აკადემიის 1928 წლის 16 იანვრის სხდომას მოახსენა გიორგის საანგარიშო მანქანის აღწერილობა და თან დასძინა რომ გიორგის ეს გამოგონება დააჩქარებდა ოპერაციათა წარმოებას. გიორგიმ მაშინვე მიიღო არაერთი ევროპული და ამერიკული ფირმის წინადადება მისი გამოგონების ფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე, მაგრამ ყველას უარი უთხრა, რადგან მას სურდა ამ მოწყობილობაზე მუშაობა გაეგრძელებინა საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგიმ მართლაც ააგო საანგარიშო მანქანის მოდელი. სამწუხაროდ, ნაადრევმა სიკვდილმა მას საშუალება არ მისცა საბოლოოდ ხორცი შეესხა ამ გამოგონებისთვის.
გიორგის გარდაცვალების შემდეგ ელექტრონული საანგარიშოს მოდელი გადაუციათ მოსკოვის პოლიტექნიკური მუზეუმისათვის, სადაც ის გამოფენილი იყო ერთ-ერთ ექსპოზიციაზე. 1936 წელს დაიკარგა მისი აღწერილობაც და მოდელიც. ამ გამოგონების არსზე წარმოდგენას გვიქმნის პარიზისეული აღწერილობა.
გამოყენებული ლიტერატურა: წიგნი: „საქართველოს ინდუსტრიალიზაციის მესაძირკვლენი თერგდალეული მეტალურგები გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლოზ ქაშაკაშვილი.“ნიკო და გიორგი ნიკოლაძეთა საგა