აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია IndiGo-მ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით ჯამში 325-მა მგზავრმა ისარგებლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა.
პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.