პირველ აგვისტოს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) დაიწყო რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი.
1-7 აგვისტოს ფესტივალს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. ფესტივალში ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამი უცხოური დასი ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან.
2023 წელი უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის, წლად არის გამოცხადებული და მთელი მსოფლიო ზეიმობს „პირველი ფოლიოს“ 400 წლისთავს. რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება და წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები.
გარდა სპექტაკლებისა, ფესტივალი იმ თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც საფესტივალო პროგრამაში არ მონაწილეობენ, სთავაზობს მასტერკლასების სერიას სამსახიობო ოსტატობაში, რომელსაც მათთვის ჩაატარებენ ამერიკიდან მოწვეული რეჟისორები: დიმიტრი ტროიანოვსკი (რეჟისორი, ბრენდაის უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების პროფესორი), ადრიან გიურეა (რეჟისორი, კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის პროფესორი), სომონა გიურეა (კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი).
ინფორმაციისთვის: რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ქალაქ ფოთში დაფუძნდა, მას შემდეგ წარმატებით იმართება და ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.
ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს”.
რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი 7 აგვისტოს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დამთავრდება სპექტაკლით „ქალიშვილები“ (უილიამ შექსპირის „მეფე ლირის” მიხედვით).