„იცნობდეთ, ეს არის საქარ­თველოს ამომავალი მნათობი!“

ასეთ გალაკტიონს იცნობთ?

“…როგორც წერა-კითხვა, ისე ნაოსნობა, ცურვა, მე­თევზეობა, არ მახ­სოვს, როდის ვისწავლე.

კუნძული „მეფის ჭალა“, რო­მე­ლიც ჩვენს სახლს ეკვ­რო­და, იყო ჩემი საყვარელი ადგილი. კუნძულს გარს უვლიდა რი­ო­ნის ორი ტოტი, ერთი ჩქარზე-უჩ­ქარესი, მეორე დინჯი, აუჩქარებელი.

ორი­ვე რიონი ძალიან მიყვარდა; გან­სა­კუთ­რებით ზაფხულობით – აქ ვკითხუ­ლობ­დი შოთა რუს­თა­ველის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბა­რა­თაშ­ვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას წიგნებს… დიკკენსს, ბაირონს, შელლის, მიუს­სეს, შატობრიანს, რუსსოს, ტოლსტოის, პუშკინს, ლერ­მონტოვს.

8 წლისა გადამიყვანეს ქ. ქუთაისში, იქ ვცხოვრობდი ანდრო წერეთლის სახლში. ვსწავლობდი სა­შუა­ლოდ, მაგ­რამ მას­წავლებლები კარგად მეპყრობოდენ მაინც, როგორც ახალ­გაზრ­და მგო­სანს (რო­დის დავიწყე წერა ლექსების, მოთხრობების, რომანების, არც ეს მახ­სოვს).

მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშობა.

1908 წელს ტფილისში ჩამოსვლისთანავე ოცამდე დი­დი პოე­მით, რამდენიმე ასეული ლექსით, რომანებით, დრამატიული ნა­წარმოებით მიმაქვს იერიშები ყველა რე­დაქცი­ებ­ზე.

რედაქტორებისაგან ყვე­ლაზე გულწრფელად, განსაკუთ­რებული ყურადღებით მეპყრობა ლადო დარ­ჩი­აშვილი: მან წარმადგინა თავის ჟურნალის თანამშრომლებთან სიტყვებით:

„იცნობდეთ, ეს არის საქარ­თველოს ამომავალი მნათობი!“

გა­ხარებულმა იმავე დღეს შევიარე გაზ. „ამი­რა­ნი”-ს რედაქციაში: მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გა­და­მეხ­ვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, რო­გორა სწერთ ასეთ ლექსებს!

1908 წელს, როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შე­მო­იჭ­რა რა­ღაც ახალი, მე მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარები და მე ვიწრო და ბნელი სა­კანიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე და ყველგან, სადაც კი თვა­ლი გასწვ­დე­ბოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე…

ჩემი პირველი ორი ლექსი ერთსა და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ამ დღი­დან მე ვიბეჭდებოდი თითქმის ყველა გაზეთებში და სულ მა­ლე გადავიქეცი პირველი ქართული სიტყვაკაზმული ჟურნალის „ფას­კუნ­ჯის“ ძირითად თანამშრომლად.

შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი და გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.

/გალაკტიონის ავტობიოგრაფიიდან/

ფოტო: გალაკტიონ ტაბიძე. 1914 წელი.

გალაკტიონის საუკუნე