ლევილის ისტორიული მამული პირველ ქართულ ფესტივალს მასპინძლობს

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც.

საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, რომელიც წარმოადგენს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლებს – „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“; ქუთაისის კამერული გუნდი; ანსამბლი „ბასიანი“; ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი (წარმოადგენს ორ სპექტაკლს – „ხალდე“ და „ჩემო კალამო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)); ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“;  ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი;  ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი);  ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი); ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.

ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.