ევგენი მიქელაძე 1903 წლის 27 ივლისს, ბაქოში დაიბადა. მან პეტერბურგის კონსერვატორია დაამთავრა. 1930 წელს მიქელაძე პირველად დადგა თბილისის ოპერის თეატრის სადირიჟორო პულტთან და ბიზეს „კარმენის“ ღია რეპეტიციას მართავდა (ზეპირად, პარტიტურის გარეშე). მომდევნო წელს იგი დაინიშნა დასის დირიჟორად, ორი წლის შემდეგ — თეატრის მთავარ დირიჟორად. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“, ხოლო ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1937 წ.) მიქელაძემ დადგა – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“.
დიდი იყო მიქელაძის გავლენა საქართველოს მუსიკალური ცხოვრების ყველა სფეროზე. მან არსებითად ხელახლა შექმნა სიმფონიური ორკესტრი. 1933 წელს ევგენი მიქელაძის ინიციატივითა და ძალისხმევით ორკესტრმა მიიღო ოფიციალური სახელწოდება „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი“. სწორედ 1933–1937 წლებში ხელმძღვანელობდა იგი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს.
1937 წლის რეპრესიებს მთელი ოჯახი შეეწირა. თავდაპირველად დააპატიმრეს მამია ორახელაშვილი, შემდეგ კი მისი მეუღლე მარიამი, მოგვიანებით ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე – ქეთევანი. ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შრომა-გასწორების ბანაკში.
13 დეკემბრის განსაკუთრებული სამეულის სხდომაზე, ევგენი მიქელაძეს ბრალად დასდეს, რომ იყო ა/ს მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ოპერის თეატრში. იყო მეკავშირე საქართველოში ა/ს მემარჯვენე ორგანიზაციის ცენტრსა და ხალხის მტერ მ. ორახელაშვილს შორის. იმავდროულად იყო ჯაშუშური კ/რ ორგანიზაციის წევრი, აქტიურად მუშაობდა ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციის მოპოვებაზე და უგზავნიდა მას ქალაქ მოსკოვში მ. ორახელაშვილს. გოგლიძემ და წერეთელმა მას დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანეს.
ევგენი მიქელაძეს დაკითხვებისას დაუკარგეს ჯერ მხედველობა, შემდეგ სმენა.
განაჩენი 1937 წლის 22 დეკემბერს აღასრულეს.
ევგენის და ქეთევანის მცირეწლოვან შვილებს, 3 წლის თინას და წლინახევრის ვახტანგს, მამიდა – თამარი მიქელაძე ზრდიდა. 1951 წელს თინათინი და ვახტანგი ჩეკისტებმა ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქში გადაასახლეს.
ქართველ მწერალთა, ხელოვნების და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე, ამოტვიფრულია დირიჟორის სახელი. 1994 წელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.