საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი).
საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტურობის დადგენასა და ა. შ.
ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორია იწყებს ხელოვნების მუზეუმში, კერძოდ, ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი – ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვებას და ლაბორატორიისთვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნას. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც.