„დიახ, მე უკვე გავიღვიძე და დავბრუნდი ჩემს სამშობლოში…“ – შინ დაბრუნებული ქართველი ემიგრანტის, გირშელ ბართაიას წერილი

“მე უკვე გავიღვიძე და დავბრუნდი ჩემს სამშობლოში. დღეიდან ამოცანა იქნება ერთ დღესაც შევძლო ისე დავაყენო პირობები და თანამონაწილეობა მივიღო ისეთ საქმეებში, რაც თქვენს გაღვიძებას, მომავლის რწმენას, საკუთარი პოტენციალების გამოვლენას ხელს შეუწყობს ისე, რომ თქვენც დაბრუნდეთ სამშობლოში.

გზა რომელსაც დავადექი არც მოკლე იქნება და არც მარტივი, მაგრამ უნდა დავიწყო… მეგობრებო, მე გამოვფხიზლდი… მე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს დავუბრუნდი…” – ეს სიტყვები სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ემიგრანტის, გირშელ ბართაიას წერილიდანაა, რომელიც შეიძლება მაგალითად და სტიმულად იქცეს სხვა ადამიანებისთვის. ამიტომ გთავაზობთ მის სრულ ვერსიას, რომელიც გირშელ ბართაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ამ მომენტს ველოდებოდი მთელი ხუთი წელი: ჩემს შვილთან ჩახუტებას, ჩემს სამშობლოში დაბრუნებას უკვე გაზრდილი და გამოცდილი.

დიახ, მე უკვე გავიღვიძე და დავბრუნდი ჩემს სამშობლოში. დღეიდან ამოცანა იქნება ერთ დღესაც შევძლო ისე დავაყენო პირობები და თანამონაწილეობა მივიღო ისეთ საქმეებში, რაც თქვენს გაღვიძებას, მომავლის რწმენას, საკუთარი პოტენციალების გამოვლენას ხელს შეუწყობს ისე, რომ თქვენც დაბრუნდეთ სამშობლოში.

გზა რომელსაც დავადექი არც მოკლე იქნება და არც მარტივი, მაგრამ უნდა დავიწყო…

როგორც იქნა ტვინის მიერ მოხვეული შიშების ყინული ჩავტეხე და გადავლახე კონფორმისტული ბარიერები. ბევრ მატერიალურ რამეზე მომიწია უარის თქმა, ერთი ნაბიჯიღა მაკლდა ამერიკის მოქალაქეობამდე, რომელიც დამეთანხმებით უამრავი ადამიანის ოცნებაა.

ბოლო პერიოდია, გულის სიღრმეში კი არ მინდოდა საკუთარი თავის შეცვლა, სულის დამორჩილება და მორგება ისეთ პირობებზე, რასაც გარემოებები მკარნახობდა სხვა ქვეყანაში.

მივხვდი, რომ ის უნდა ვაკეთო რაც ნამდვილად ჩემია და რის კეთებაც არამხოლოდ გონებას, ჩემს გულსაც სურს.

ბევრისათვის სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილება მივიღე და შეიძლება ირაციონალურიც კი, თუმცა რეალურად ხომ ჩემზე უკეთესად არავინ იცის როგორ უნდა გავმხდარიყავი ნამდვილი “მე”. რანაირად უნდა გამოვსულიყავი ლაბირინთიდან და მომეპოვებინა თავისუფლება.

მივაგენი იმასაც რომ ხშირად გამოსავალი იქ არ არის სადაც ვეძებთ.

ერთი ოცნება მაქვს რომ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ისე რომ სასურველს კი არ მივაღწიოთ, არამედ მივიღოთ.

უნდა ვირწმუნოთ რომ შეცდომების გამოსწორებაც შეიძლება და საკუთარი რეალობის შექმნა.

მოულოდნელი გადაწყვეტილებები რაოდენ საოცარია იმდენადვე სასიამოვნოა.

ამ ემიგრაციის პერიოდში უამრავი საინტერესო კვლევა, მოსაზრება, ფილოსოფიური ნაშრომები წავიკითხე და კიდეც დამიგროვდა მონიშნული წასაკითხი ლიტერატურა.

ჩემი მთელი განძი – დაგროვილ ცოდნასთან ერთად, უნიკალური ბიბლიოთეკაა, რომლის ნაწილი ჩამოვიყოლე, ნაწილს კი შემდეგ ჩემი იქ დარჩენილი მეგობრები გამომიგზავნიან.

გარდა ამერიკაში ცხოვრების მრავალფეროვანი გამოცდილებებისა, თავდაუზოგავი შრომისა და გარკვეული წარმატების მიღწევისა, ასევე ვიღებდი თვითგანათლებას, შევისწავლე უამრავი რამ. არ მითაკილია არანაირი შრომა.

ვნახე და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, ამერიკელები და ჩვენი მშრომელი ემიგრანტებიც.

საკმაოდ მალე და კარგად შევძელი სოციალიზაცია ახალ გარემოში.

ვმუშაობდი მსოფლიო დონის და გავლენის წარმატებულ ადამიანებთან. ბუნებრივია, მქონდა აღმასვლებიც და ჩავარდნებიც, გამოვცადე ადამიანების თანადგომაც და განდგომაც.

იქ კიდევ უფრო ნათლად დავინახე ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებიც.

ყოველი ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ნებისმიერი ბედი.

ერთადერთი თავისუფლება რომელსაც ვფლობთ არის არჩევანის თავისუფლება და ყველას შეუძლია აირჩიოს ის, რასაც მოისურვებს. უბრალოდ ამ უფლების გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

მე კი საქართველოში ჩამოსვლა მოვისურვე და ვირჩევ იმ სამყაროს, რომელშიც გულით მინდა ცხოვრება: ჩემი ოჯახის, საყვარელი ხალხის და ჩემი მშობლიური ატმოსფეროს გარემოცვაში.

ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალში სრულიად მინდა თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება.

ჩემი შვილის ნათელი მომავლის შექმნაში მინდა მეც ჩემი წილი აგური დავდო.

მეგობრებო, მე გამოვფხიზლდი…

ყველამ ახლა გაიგეთ ჩემი ეს სპონტანური გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ არც სწორია და არც არასწორი, მაგრამ ის იცოდეთ რომ დღეიდან ჩვენს ლამაზ საქართველოში და თქვენს გვერდით ვარ!

მადლიერი ვარ ამერიკის და იმ ხალხის ვინც მთელი ამ წლების მანძილზე მგულშემატკივრობდა და მხარში მედგა.

მე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს დავუბრუნდი ❤️🇬🇪“, – წერს გირშელ ბართაია.