ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა – 5-იდან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა.
თეატრალური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სცენოგრაფია – ვახტანგ ქორიძე (ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი; ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, რეჟისორი მარიამ სიხარულიძე).
საუკეთესო მსახიობი (ქალი) – თამარ მამულაშვილი (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი; ნოდარ მაჭარაშვილის „ავი მუსაიფი“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი);
საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი) – ზვიად პაპუაშვილი (გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი; ნოდარ მაჭარაშვილის „ქეიფი სოლოლაკში“, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე);
ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია – აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრი (გოდერძი ჩოხელის „წერილი ნაძვებს“, რეჟისორი ნიგარ გულაჰმადოვა);
ნოდარ დუმბაძის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია – „კუკარაჩა“, რეჟისორი ბარზუ აბდურაზაკოვი (საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრი);
საუკეთესო რეჟისურა – ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“, რეჟისორი გაუხარ ადაი (კუდუს კუჟამიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ყაზახეთი);
გრან-პრი, საუკეთესო სპექტაკლი – დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ (თავისუფალი თეატრი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი).
საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია გადასცა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს.
თეატრალური ფესტივალის ბოლო დღეს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა პორტუგალიის ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად შექმნილი ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“. ასევე, გაიმართა პრეზენტაცია წიგნ-ალბომებისა: „ბეჟან ნაკაიძე“, „ამირან ქადეიშვილი“, „დონ კიხოტი ოზურგეთიდან – ვასო ჩიგოგიძე“.
წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წელს და ოზურგეთის თეატრის დაარსების 155-ე წლისთავს მიეძღვნა.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილეობისთვის უკრაინიდან წელსაც ჩამოვიდა ხერსონის აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი. ფესტივალის სტუმრები ასევე იყვნენ თეატრალური დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, პორტუგალიიდან, ორი თეატრი ყაზახეთიდან. გაიმართა ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) დამფუძნებელი ქვეყნების სამიტი.