“ერთხელ, როდესაც 60-იან წლებში გამოვიდა “ორერას” ფირფიტა და ამ ფირფიტას ეწერა: “ტექსტი ხალხური”, დედამ საჩივარი შეიტანა”… ვის ეკუთვნის ძველი სიმღერის „ყვავილების ქვეყანა“ ტექსტი და რას მოგვითხრობს 77 წლის მერე ილია ფერაძე:
“ბოლო დღეებში ტელევიზიის ბევრ არხებზე, რადიოში და ინტერნეტით ვრცელდება მასალები, რომ ჩვენმა საყვარელმა სიმღერის დედოფალმა ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ, მისი მეგობრის ბუბა კიკაბიძის ხსოვნას მიუძღვნა ახალი კლიპი, ძველი სიმღერის „ყვავილების ქვეყანას“ ტექსტზე. გარდა იმისა, რომ ამ უკვდავი სიმღერის ტექსტი ეკუთვნის ჩემი და გია ფერაძის მამას, ცნობილ პედაგოგს ბიძინა ფერაძეს, ამ სიმღერის შექმნასთან, მეც მაქვს უშუალო კავშირი, რაზედაც მინდა საზოგადოებას მოუთხრო 77 წლის მერე:
1946 წელს ჩვენი ოჯახი ისვენებდა დაბა წყნეთში. მე გავცივდი და დედამ გამოაგზავნა მამაჩემი თბილისში სტრეპტოციდის და კარაქის საყიდლად. მაშინ, წყნეთიდან თბილისში მხოლოდ ერთი ავტობუსი დადიოდა, ხოლო პენიცილინი ჯერ კიდევ არ იყო ჩვენამდე მოსული და სტრეპტოციდის აბებიც და კარაქიც, პედაგოგის ერთი თვის ხელფასი ღირდა.
ომი ახალი დამთავრებული იყო. მამა მასწავლებელი იყო, იგი ინგლისურს ასწავლიდა ბავშვებს და როგორც დღეს, მაშინაც მასწავლებლებს საკმაოდ უჭირდათ. თბილისში ჩასვლისას მამას პირველი ამოცანა იყო ფულის შოვნა. ჩამოსვლისთანავე, ვერაზე შემოხვდა მისი მეგობარი, ცნობილი მოცეკვავე ჯანო ბაგრატიონი, რომელიც იმ პერიოდში აყალიბებდა საქართველოში პირველ ე.წ. “ჯანოს ჯაზის” ორკესტრს. ჯანომ იცოდა, რომ ბიძინა წერდა ლექსებს, მათ შორის სიმღერებს. მოისმინა მეგობრის გასაჭირი და შესთავაზა:
– გოგი ვასაძემ კარგი მელოდია ჩამოიტანა ქუთაისიდან და წამოდი მოისმინე, ტექსტი არა გვაქვს. თუ ტექსტს დაწერ და მოგვეწონება, ჰონორარსაც გამოგიწერ ავანსად და ილიკოსაც ეშველება.
ჩავიდნენ გოფილექტში (ფილარმონიის ბაღში, პლეხანოვზე), მამამ მოისმინა მელოდია და იქვე დაწერა ლექსი “ყვავილების მეუფევ”, რომელიც ბატონ ჯანოს და სხვებსაც მოეწონა. გამოუწერეს ავანსი და ხელდამშვენებული მამა ამოვიდა წყნეთში, დედას დავალება შეასრულა და თან მოაყოლა 2 ბოთლი ღვინო N8 და იმავე დღეს მეზობელთან ერთად, დედამ და მამამ პირველებმა გამოცადეს 3 ხმაში „ყვავილების მეუფე“. არანჟირება გააკეთა კომპოზიტორმა ჩირინაშვილმა და ეს სიმღერა სცენაზე პირველად ბატონმა ჯანომ იმღერა იმავე წელს სექტემბერში, ქუთაისში გასტროლებზე და პირველსავე დღეს, მაყურებლებმა იგი 15-ჯერ ბისზე გაამეორებინეს.
ასე დაიწყო ამ სიმღერამ სვლა ქართველი კაცის გულებისაკენ და მისი განსაკუთრებული პოეტური მუხტის წყალობით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.
ტექსტზე არავინ დაობდა. მხოლოდ მუსიკაზე იყო დავა, ერთხელ, როდესაც 60-იან წლებში გამოვიდა “ორერას” ფირფიტა და ამ ფირფიტას ეწერა: “ტექსტი ხალხური”. დედამ საჩივარი შეიტანა და „მთავლიტიდან“ აიღო ოფიციალური ცნობა, რომ: “ყვავილების ქვეყნის” ტექსტის ავტორი, არის ბიძინა ფერაძე“, ამ ცნობას სათუთად ვინახავ. აქვე მინდა მოვიყვანო მამას დაწერილი პირველი ტექსტი, რომელიც თავისთავად პოეზიის მშვენიერი ნიმუშია და რომლის პოეტურმა, სამიჯნურო მუხტმა ადვილად მონახა გზა ქართველების გულებისაკენ:
ყვავილების მეუფევ
ყვავილების მეუფევ, თვალნი დამიზიანე,
გიცდი აღარ მოდიხარ, რატომ დაიგვიანე.
შენთვის დაკრეფილი მაქვს, ნარნარი ყვავილები,
მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები.
აი რისთვის დაგეძებ, რატომ დავიარები
და რატომ მელანდება, შენი გიშრის თვალები.
მაგრამ შენ არ გიყვარვარ, რომ აღარ მეკარები,
შენი თვალების ეშხი ნეტავ რად დაინანე
ნეტავ ახლა ვის უმზერ მითხარი გეთაყვანე.
მე მიყურე მხოლოდ მე, მაკმარე რაც მაწვალე
ჩემო გულის საუნჯევ, შენს თვალებს ვენაცვალე.
შენს ლოდინში წალკოტი ჩოქვით შემოვიარე
გიცდი და არ მოხვედი, რატომ დაიგვიანე.
ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე
რომ მითხარ მალე მოვალ…
რატომ დაიგვიანე.
მაშ ასე, მე ავად რომ არ გავმხდარიყავი, ეს სიმღერაც ალბათ სულ სხვა ტექსტით იქნებოდა და დარწმუნებული ვარ ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებდა.
ეს ლექსი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1946 წელს დაიწერა, როდესაც ჩემი ძმა, გია ფერაძე ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, მაგრამ ჩვენ ოჯახში დედა და მამა სტუმრებთან ყოველთვის მღეროდენ ამ სიმღერას და ჩვენ ფაქტობრივად ამ სიმღერაზე გავიზარდეთ. მოგვიანებით კი, სამშობლოდან მოშორებით, „მივლინებაში“ მყოფმა გიამ, რადიოში მოისმინა “ორერას” რუსულად ნამღერი “ყვავილების ქვეყანა” და რასაკვირველია მამა გაახსენდა, ისე როგორც მე, დღემდე სადმე რესტორანში ან რადიოში ამ სიმღერის გაგონებისას, სულ მამა მიდგას თვალწინ. გიამ იმ შორეულ ციმბირში, ლექსით გამოხატა მისი ემოცია.
ჩემს საყვარელ მამას!
ისმის შენი სიმღერა
იაკუტიის მიწა წყალზე.
დიდი ხნის წინ რომ დაწერე,
ყვავილების ქვეყანაზე.
“ყავილების მეუფევ,
თვალნი დამიზიანე,
რომ მითხარ მალე მოვალ,
რატომ დაიგვიანე”.
თქვენგან ეხლა რა შორსა ვარ,
მაგრამ მამა მიდგას თვალწინ,
ეს სიმღერა უკვდავია,
როგორც ახლა, ისე მაშინ.
მამა, სანამ მე ვსულდგმულობ,
ეს სიმღერა არ მოკვდება,
მე წავალ და როგორც გვარი
ზუსტად ისე გაგრძელდება.
“შენთვის დაკრეფილი მაქვს,
ნარნარი ყვავილები,
მინდა გულზე დაგაკრა,
ვით ლამაზი ღილები”.
სანამ ქვეყნად იქნება
ველი, მდელო, ეს ყანა,
იქამდე იარსებებს
“ყვავილების ქვეყანა”
“ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე”,
ეხლა ვნანობ მამიკო, კოცნა დაგიგვიანე…
რის თვალები, რის თავი….
გული დამიზიანე.
იაკუტია 1989
მამა იყო უაღრესად დიდი პატრიოტი. იგი პოეტი არ ყოფილა, მაგრამ ბევრი ლექსი აქვს დაწერილი საქართველოზე, სიყვარულზე, ხოლო რამდენიმე ლექსზე დაწერილ მის სიმღერებს მღეროდნენ მაშინ პოპულარული მომღერლები.
P.შ. ეს შენიშვნა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩემთვის კი ძალიან ძვირფასი მოგონებაა. ბუბა იყო ჩემი სიყრმის მეგობარი, ხშირად ყოფილა ჩვენთან სახლში და ჯერ კიდევ 50-იან წლებში მოუსმენია სუფრაზე ჩემი დედ-მამის ნამღერი „ყვავილების მეუფე“, რაც მერე რამდენჯერმე შესანიშნავად ჩაწერა კიდევაც, სხვადასხვა ანსამბლებთან. მაშინ კი ბუბა, ჯერ კიდევ დიპლიპიტოზე უკრავდა კინოთეატრ „რუსთაველში,“ საღამოს სეანსების დაწყებამდე.
ტექსტს თან ვურთავ ჩვენი წასული ოჯახის სურათებს:
მამას ნახატი მხატვარ “ბუცო” მანჯავიძის;
2.დედა და ბუბა ჩვენთან;
3.გია და ბუბა
„უფროსი ბიძინიჩი“
ილიკო ფერაძე
(ასე მეძახიან გიას მეგობრები)”