ბლუზის ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მეშვიდე სერიას იწყებს. 2023 წლის ბლუზის საღამოები არაორდინარული იქნება, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასიათებელი რიტმით და ტემპით გაჯერებული და ნაკლები მელანქოლიით გაჟღენთილი. ამერიკელი, ყველაზე მოთხოვნადი მემარცხენე ბლუზ გიტარისტი კარლოს ჯონსონი, ფესტივალის რეზიდენტი, ბლუზის დივა, ლეგენდარული შერონ ლუისი, ულტრათანამედროვე ბლუზ მუსიკის ფუძემდებელი ისი სკოტი და ბოლოს ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჯაზის და ბლუზის ლეგენდა, მაია ბარათაშვილი, თავისი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და ძლიერი ხმის ტემბრით სპეციალურად 2023 წლის, რიგით მეშვიდე ფესტივალის მსმენელებისთვის შექმნიან გემოვნებიან, დახვეწილი და მრავალფეროვანი ემოციებით დატვირთული მუსიკის ზეიმს. ფესტივალი 15 ივლისს გაიხსნება და 12 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს. ფესტივალი დაიხურება 12 აგვისტოს, ტრადიციული დიდი ჯემსეიშენით.
კომპანია ბლუზ ვილიჯ-ჯი 2017 წლიდან მასპინძლობს ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს.
ფესტივალი ტარდება ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარედ , აკაციის ტყეში, სადაც თავშეყრა და კლასიკოსი თუ თანამედროვე ბლუზის მუსიკოსების მოსმენა უკვე ტრადიციად იქცა.
ამ წლების განმავლობაში ბლუზ ვილიჯი მასპინძლობდა საუკეთესო ბლუზის შემსრულებლებს, მეგა ვარსკვლავებს, ვირტუოზ გიტარისტებს და ჰარფ შემსრულებლებს, როგორებიცაა შერონ ლუისი, კრის კეინი, ჯიმი ბერნსი, დეტრა ფარი, რას გრინი, შანა უოტერსტოუნი.
ქართველი მაყურებელი დაუვიწყარი, უნიკალური ჯემსეიშენების მომსწრე იყო.
ფესტივალი ყველა კონცერტით, პროგრამითა და საშემსრულებლო დონით უნიკალურია ქართულ მუსიკალურ სამყაროში და კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს.