პოლ რობიტაილი – კანადელი იურისტი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, დოკუმენტალისტი და კვებეკის ეროვნული ასამბლეის ყოფილი წევრი, ამჟამად მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობს და მუშაობს წიგნზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ადამიანების შესახებ გვიყვება.
პოლ რობიტაილი, ისტორიული მოვლენების მოწმე ჟურნალისტი, წერს წიგნს, რომელიც დროში გვამოგზაურებს – მოგვითხრობს იმ გარდამტეხი დროის შესახებ, რომელმაც საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანების ბედისწერა და გზა განსაზღვრა.
პოლის წიგნი გამძლეობაზე, სიხარულზე, მწუხარებასა და მონდომებაზეა. მისი ნაშრომი სიღრმისეულად აღწერს ადამიანთა ცხოვრებას პოსტსაბჭოთა პერიოდში.
პოლ რობიტაილმა ჟურნალისტური კარიერა კვებეკის პარლამენტში დაიწყო, მუშაობდა კანადურ პრესასთან. წლების განმავლობაში იყო „რადიოკანადა/CBC“-ის ჟურნალისტი და უცხოური ამბების კორესპონდენტი; ასევე, იყო კანადის ლტოლვილთა საბჭოს მოსამართლე. 2022 წელს ის დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას – ჟურნალისტიკას, რათა უკეთ გაეაზრებინა, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა უკრაინაში მეზობელ სახელმწიფოებზე; მისთვის ძალიან საყვარელ ქვეყნებზე.