თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ (პროდიუსერები: თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში). ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება დღეს, 5 ივლისს. „მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 1946 წლიდან იმართება, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა და ყოველწლიურად არაერთ საინტერესო ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს.