თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტებმა მარიამ ტოგონიძემ, ელენე წულუკიძემ და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტმა კესო ხმიადაშვილმა მონაწილეობა მიიღეს იაპონურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში, რომელიც გაიმართა კიშინეუში (მოლდოვა). ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს, 3 ივნისს, რიგით მეშვიდე კონკურსი გაიმართა, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. სამი საპრიზო ადგილიდან პირველი ადგილი დაიკავა მარიამ ტოგონიძემ, ხოლო მეორე ადგილი – კესო ხმიადაშვილმა.
კონკურსი 2013 წლიდან GUAM-ის ქვეყნებს შორის იაპონიის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება. საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის უმაღლესი სასწავლებლების იაპონური ენის სტუდენტები სხვადასხვა თემაზე გამოდიან სიტყვით.