ბედნიერების გზა და საკუთარ თავთან შეხვედრა – „ქალი სხვა სამყაროდან“

მისი ცხოვრების ისტორია თბილისში, სვანიძეების ოჯახში დაიწყო. აქედან იწყება  იმ სამყაროს  შეცნობა, რომელიც თავად შექმნა, თუმცა მანამდე საკუთარ თავს აჯობა და ყველა რუბიკონი გადალახა. გაიარა გრძელი და ლამაზი გზა, უცხო ქვეყანაში კი გახდა ქალი, რომელსაც ბევრი იცნობს და პატივს სცემს, ქალი სხვა სამყაროდან…

საუბარია ნიდერლანდებში მცხოვრებ პატრიოტ ქართველზე, თიკა სვანიძე – ვენკოზე. გრონინგენის უნივერსიტეტის დამთავრების მერე  ბევრ კომპანიაში იმუშავა. თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, გაიცნო უამრავი ადამიანი. როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ „საქართველო უნიკალური ქვეყანაა“, გადაწყვიტა ის ყველასთვის გაეცნო. მან პირველმა დააფუძნა ამსტერდამში ქართული კულტურის ცენტრი და ჰოლანდიურ-ქართული კომპანია ,,თიკა-ტურს ჯორჯია“. მისი კომპანიის სტუმარი, საქართველოსა და ნიდერლანდებშიც, არაერთი ვიპ-პერსონა ყოფილა. თუკი დღეს იმ ქვეყანაში ქართულ კულტურას და ისტორიას იცნობენ, ამაში მისი ლომის წილია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალბატონი უცხოეთში საქართველოს სახალხო ელჩია.

სულ ახლახან, 2023 წლის 4 მაისს, თიკა სვანიძე – ვენკოს ინიციატივითა და დაფინანსებით, კუნძულ ტექსელზე, შალვა ლოლაძის სახელობის ქართველების ძმათა სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა. მასზე აჯანყებაში დაღუპული გმირების სახელები ამოიტვიფრა. ცნობილია, რომ ტექსელის აჯანყებაში მონაწილეობდა 756 ქართველი, აქედან 528 დაიუპა და 228 გადარჩა. თიკა სვანიძე – ვენკოსთან საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

თიკა სვანიძე-ვენკო მემორიალთან

– ქალბატონო თიკა, როდის გაგიჩნდათ ამ ისტორიული მემორიალის შექმნის იდეა?

– თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს დიდებული და დაუვიწყარი მომენტია. იმ დღეს ვიგრძენი, რომ ჩვენი წარსულის, ისტორიის წინაშე ვალი მოვიხადე. რაც შეეხება იდეას, ის ჯერ კიდევ 1999 წელს გამიჩნდა. მაშინ კუნძულ ტექსელს სრულიად საქართველოს პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან ერთად ვეწვიე. მან პანაშვიდი გადაუხადა ტექსელის აჯანყებაში ტრაგიკულად დაღუპულ მებრძოლებს. თუმცა, ვინ იყვნენ ისინი, ამის შესახებ ისტორია დუმდა. მაშინ გავიფიქრე, უფრო სწორედ, საკუთარ თავს დავპირდი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გმირი ქართველი მებრძოლების სახელი და გვარი, მათი ხსოვნა დავიწყების არ მისცემოდა. მას შემდეგ 24-მა წელმა განვლო. დღეს მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით და ბევრისთვის აქამდე უცნობი ქართველი მეომრების წინაშე ვალი მოვიხადეთ.

– კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რომ კუნძულ ტექსელზე მომხდარ აჯანყებას გულისხმობთ?

– დიახ, საქმე ისაა, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციით დასრულდა. ეს აღიარებული ფაქტია და ჩვენც ასე გვასწავლეს. ჩვენს შვილებსაც ამასვე ასწავლიან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სიმართლე სხვაგან არის საძიებელი და ის ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე იმალება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოლო ბრძოლა ევროპაში არა 8 მაისს, არამედ მთელი 12 დღით გვიან შედგა და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მასთან ქართველები არიან დაკავშირებული. ჩემი ცხოვრების ბოლო წლების უმთავრეს საზრუნავად იქცა ის, რომ დავიწყებას არ მისცემოდნენ ის გმირები, ვინც ტექსელზე დაიღუპნენ. გადავწყვიტე მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა დამედგა და ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსებიც თავად გავიღე.

თიკა სვანიძე-ვენკო, კუნძულ ტექსელის მერი მიხილ აუთდენჰაგი და ბატონი მარტინ ვან დაალენი

– მანამდე გარკვეული კვლევაც ჩატარდა, რათა ეს ამბავი უკეთ შესწავლილიყო, ვინ იყო მასში ჩართული და მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალმა როგორ ჩაიარა?

– დიახ, სამწუხაროდ, ჩვენში ბურუსით მოცული ამ ფაქტის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ისტორიკოს სულხან ამირანაშვილს, რომელმაც კვლევის შედეგად შეძლო ბუნდოვანი საკითხებისთვის ნათელი მოეფინა. მემორიალის არაჩვეულებრივი დიზაინი მოქანდაკე დავით (დევი) ხმალაძეს ეკუთვნის. რაც შეეხება მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას, მასში ბევრმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო ინსტიტუციამ და მნიშვნელოვანმა პირმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი, ბატონი იაკობ გაგულაშვილი, რომლის მხარდაჭერაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

– თქვენ სტუდენტობის დროიდან ცდილობთ, საქართველოზე რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს, თავის დროზე ტურისტულ სფეროშიც ამიტომ აღმოჩნდით?

დიახ, 2000 წლიდან, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ნიდერლანდებში, ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურების მომზადება – გაყიდვა და ზაფხულობით ჰოლანდიური ტურისტული ჯგუფების სხვა ქვეყნებში წაყვანა მევალებოდა. იმ ტურების დროს, საქართველოზე ვიწყებდი საუბარს და სტუმრები ისეთი აღფრთოვანებული რჩებოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი უჩნდებოდათ. ჩემი ტურისტული კომპანიის დაფუძნების მიზეზიც ეს გახდა. მიყვარს საქართველო, რომელიც მთელ მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა, მერწმუნეთ, ხუთი კონტინენტის ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ საქართველოს, ქართულ კულტურას და ურთიერთობებს ანალოგი არ აქვს.

– ოჯახიც სტუდენტობის დროს შექმენით?

თიკა სვანიძე- ვენკო მეუღლესთან, რობერტ ვენკოსთან ერთად

– ჩემი მეუღლე, რობერტ მიქაელ ვენკო შემთხვევით გავიცანი მაშინ, როცა სტუდენტობის დროს ბარსელონაში დასასვენებლად ჩავედი. მახსოვს, მასთან სულ რაღაც 15-წუთიანი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ოცნების მამაკაცი იყო. როცა რობი ჩემი მეუღლე გახდა, აღფრთოვანებული ვუყვებოდი მას საქართველოს უნიკალურობაზე, რაშიც მოგვიანებით თავადაც დარწმუნდა. ისე შეუყვარდა საქართველო, რომ ჯვრისწერა ჯვრის მონასტერში მოისურვა, მაშინვე თქვა: ჩვენს მომავალ შვილებს ქართული სახელები უნდა ერქვათო. დღეს სამი ვაჟკაცი გვყავს: გიორგი, ლევანი და თემური. ისინი უცხოეთში დაიბადნენ და იქ იზრდებიან, მაგრამ სამივეს თავი ქართველად მიაჩნია. იციან ქართული ენა, კულტურა, ქართულად მღერიან და ცეკვავენ.

– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია ნიდერლანდებში ცხოვრობთ, საკუთარ ფესვებს არ მოწყდით, რა არის თქვენთვის მთავარი?

თქვენს კითხვაზე, თუ რა არის ჩემთვის მთავარი, გიპასუხებთ ამონარიდით ჩემი წიგნიდან „ქალი სხვა სამყაროდან“: „მთავარია, ქართული ენა, რომელიც ჩვენი სახლია. სახლი, რომლის კედლებსაც აგურებს სამწუხაროდ, თავადვე ვაცლით. როგორც ჩანს, მალე იმისთვისაც მოგვიწევს ბრძოლა, რომ საკუთარ ქვეყანაში ქართულად ერთმანეთს მაინც ველაპარაკოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ილია ჭავჭავაძის გაფრთხილება: „მტრობა ენის არს მტრობა ქვეყნის!“ ქართული ენა უნიკალურია. ბევრი რამ მხოლოდ ქართულად გამოითქმის და სხვა არცერთ ენაზე! გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს – ჩვენს ენას, ის მეტ პატივისცემას იმსახურებს!“

– რა არის ის, რაც სამშობლოში დღემდე გაბრუნებთ?

– საქართველოში დღემდე ჩემი ბავშვობა მაბრუნებს. როცა ქვეყნის საზღვარზე გადმოვდივარ ხოლმე ჩემში მომენტალურად იღვიძებს ის ბავშვი, რომელიც ბებიის კალთას ჩაბღაუჭებული დადიოდა სოფლის წყაროზე. არაფერი ადარდებდა, ლამაზი, წითელი კაბა ეცვა და ეშმაკურად აყურადებდა მეზობელი ქალების ჭორაობას…

– სხვადასხვა დროს თქვენ ბევრი ცნობილი სტუმარი ჩამოგიყვანიათ საქართველოში, ვის გაიხსენებთ?

– ჩემი ტურისტული ორგანიზაციის სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ: ბოლივუდელი მსახიობები, ლორა ბუშის პირადი მზარეული, მსოფლიოში ცნობილი ინდონეზიელი ტელეწამყვანი ფარა ქვინი. ეს ულამაზესი ქალბატონი ქართული სამზარეულოთი და საქართველოთი მოიხიბლა. თამამად ვიტყვი, რომ ყველას საკადრისად გავუმასპინძლდით. მინდა ქართული გარემო ყველა ჩემმა სტუმარმა შეიგრძნოს. იცით, რას დავაკვირდი?- საქართველოში ბევრი ტურისტის შემოყვანა ჩემთვის ნოსტალგიის შემსუბუქებისა და ბედნიერების ერთადერთი გზაა…

– რატომ დაარქვით თქვენს ავტობიოგრაფიულ წიგნს „ქალი სხვა სამყაროდან“ ?

– საქმე ისაა, რომ მთელი სიცოცხლე სხვადასხვა სამყაროებს შორის ვმოგზაურობდი და  მათ ერთი მეორესთან დაკავშირებას ვცდილობდი. თავიდან ბევრისთვის უცხო ვიყავი, შემდეგ მეგობრად ვიქეცი. ზოგიერთისთვის ბოლომდე დავრჩი ქალი სხვა სამყაროდან. ამიტომაც დავარქვი ჩემს წიგნს ასე.

– მაინტერესებს ბედნიერია ქალი სხვა სამყაროდან, რა არის თქვენთვის ბედნიერება?

– ყოველთვის ვცდილობდი ბედნიერი ვყოფილიყავი, ადამიანი ხომ ამისთვის გაჩნდა სამყაროში?!. ზოგჯერ ქუჩაში მივდივარ და სრულიად უმიზეზოდ მეღიმება ხოლმე. ამ დროს ვხედავ გამვლელებს, რომლებიც გაკვირვებული მიყურებენ, ალბათ ფიქრობენ: რა უხარიაო? მე კი მგონია, ადამიანს სულაც არ სჭირდება რაიმე საგანგებო მიზეზი იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ყველაზე ძლიერი შეგრძნებები თავისი არსით ხომ უმიზეზოა?!. ცხოვრება იმისთვის გვეძლევა, რომ საკუთარი თავი გავიცნოთ. მთელი ჩვენი სიცოცხლე მთავარი შეხვედრისთვის მზადებაა, შეხვედრისთვის საკუთარ თავთან, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა იქამდე, სანამ ეს მოხდება, შრომის ფასად დიდი გზა უნდა გაიარო – თავისუფლების ძიების გზა. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენ ვინ ხარ სინამდვილეში და რისთვის მოევლინე სამყაროს…

მაკა მალხაზიშვილი