უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას ჟურნალისტები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბუნებას გაეცნენ.

უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით  ფრენები 21 მაისიდან განაახლა და  კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების მოწვევას წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე ბათუმს უკვე სტუმრობდა ყაზახი, არაბი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, სერბი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. უზბეკი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით სტუმრობდნენ.