“მე თუმცა არასოდეს ვყოფილვარ დიდი მოლეკურე, მაგრამ შეყვარებული კი ვიყავი ამ ცეკვაზე და ვცეკვავდი ისე, როგორც ყველა ჩვენში. მაგრამ ვცეკვავდი მუდამ გატაცებით, იმიტომ რომ ქართული ჰანგები მუდამ მაგიჟებდა; სადღაც შორს, გულის სიღრმეში სწვდებოდა მისი ხმა ჩემს აღტკინებასა და არ მასვენებდა და მეც ამ იდუმალი ხმებით მოჯადოებული, ვუვლიდი და ვუვლიდი „ქართულს”…
აი, ასეთი გიჟური „ქართული“ მე და ქაქუცამ დავუარეთ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის სახელმწიფოებმა იცვნეს. დაუვიწყარია ის ნეტარი დღე მთელი ჩემი სიცოცხლის გზაზე….
ქართული კლუბის დიდ დარბაზში საზეიმო მეჯლისი იყო გამართული: მთელი საქართველოს წარჩინებულნი იყვნენ მაშინ იქ შეკრებილნი, რათა ენახათ და მოესმინათ საქართველოს ეს ისტორიული ამბავი მისი მკვდრეთით აღდგომისა.
ახ, ნეტავი იმ დღეს!
და აი, იმ ნადიმის ხელმძღვანელთა დავალებით უნდა წარმომეთქვა ქართველი ქალების სახელით სიტყვა.
მეტად ძნელი იყო ჩემთვის ეს დიდი და საპატიო დავალება, რომელიც წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გამოაცხადა ამ დარბაზობის ხელმძღვანელმა ბენია ჩხიკვიშვილმა, მაგრამ აბა უარი როგორ უნდა მეთქვა? მით უმეტეს, მთავრობა, პარლამენტის წევრები და უმაღლესი სტუმრები, ყველანი ერთბაშად შემომყურებდნენ და ქართველი ქალის თქმას ელოდნენ.
რა ვთქვი მე მაშინ? კარგად არ მახსოვს… ან რას იტყოდა ქართველი ქალი, მისი სამშობლოს მკვდრეთით აღდგენის დღეს!
და განა ეს ცხადი არაა?! თუ რას უკარნახებდა ქართველ ქალს ის დაუვიწყარი დღე, განა განმარტებას მოითხოვს? – გადმოვშალე ქართლის დედის გული და გადმოვღვარე მასში ნაგუბარი გრძნობა…
გავათავე ჩემი სიტყვა და ის იყო მაგიდას ვუბრუნდებოდი, რომ გაისმა ციური ხმები: დოლმა და საზანდარმა “ქართული“ გააჩაღეს…. და ამ დროს, როგორც არწივი მოსწყდება ხოლმე მთის ნაპრალს, ისე მოსწყდა ქაქუცა, ერთი დაუარა, ჩემკენ გამოეშურა და გამიწვია… მას სცვლიდნენ ჩვენი ახალგაზრდა ვაჟკაცები, შავ ჩოხაში გამოწყობილი ოფიცრები: ყარალაშვილი, ანტ. ცაგარელი, ყარანგოზაშვილი, წერეთელი და სხვანი.
ახ, რა იყო ის როკვა, გიჟური აღტაცება! ეს იყო გამარჯვებული საქართველოს ლაღობა და ნადიმი… და აქამდე ჩამრჩა გულში, როგორც უცხო მარგალიტის მარცვლები…
* * * * *
შეხვედრა ემიგრაციაში…
პარიზში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს I მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობა გაეხსნა, რასაც ტუბერკულოზიც დაერთო. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქაქუცას მეგობრები ხშირად აკითხავდნენ, ანუგეშებდნენ, იგონებდნენ წარსულს, ერთობლივ ბრძოლებს.
თამარ პაპავა იგონებს მათ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას:
“თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთამოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა – მორეულ ცრემლს უშრობდა.
– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? – მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი მთრთოლარე ხმით.
– გახსოვს თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?… კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ?!
– ოღონდაც, მეგობარო!
ღრმა და უზომო იყო მაშინდელი შთაბეჭდილება – გულში ვეღარ ეტეოდა ვერც ნახული და ვერც გაგონილი…. და ჩქარა სახლისკენ გავეშურე.
– ვერ გაგიმართლდა, მეგობარო, გარდატყდა ხმალი შენი, მაგრამ გაგრძელდნენ საქმენი შენნი…”
თამარ პაპავა, ” ქაქუცა”.
თამარ გოგოლაშვილი – პაპავა დაიბადა ქუთაისში 1888 წლის 24 მარტს, – გარდაიცვალა 1976 წლის 21 მარტს, არგენტინაში. დაკრძალეს ლევილში, მეუღლის, აკაკი პაპავას გვერდით.
📸 ნანა ლომიძე