„ხვალ ის დღეა, რომელზედაც ვოცნებობდი… ის დღეა, რომელზედაც გემებს ვსახავდი, სცენარებს ვწერდი და წარმოვიდგენდი… მაგრამ მე დღეს ემიგრანტი ვარ… ჩემი შვილი კი უჩემოდ, ჩემი ჩაფუშული გეგმების გარეშე, ცხოვრების პირველ ეტაპს ასრულებს… ვწერ და ცრემლები მდის… ჩავიკეტე… ფიქრებმა და დარდმა ისევ შემომიტიეს, მაგრამ ეგ არაფერი…
სანდრო ჩემი იმედი ხარ, ჩემი ცხოვრების და სიცოცხლის ერთადერთი მიზანი და ჩემს ემიგრანტობას შენი სახელი ჰქვია… მჯერა და მწამს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა… და… და მალე ისევ ერთად ვიქნებით ❤️“ – ეს სიტყვები ისრაელში მყოფმა მამამ თავის შვილს ბოლო ზარზე დაუწერა. მამა ჩვენი კოლეგა მალხაზ ბასილაიაა, რომელიც თავის დროზე ოდიში ტვ-ში, იბერია ტვ-ში, 1 არხზე, ტელეკომპანია მზეში, გარდენ პალასში მუშაობდა, იყო STV.GE-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი და უცებ ჟურნალისტიკიდან ემიგრაციაში აღმოჩნდა… ემიგრანტი გახდა…
რთულია თუ არა ასეთი გადაწყვეტილების მიღება? რატომ აირჩია ეს ქვეყანა და გამართლდა თუ არა მისი იმედები? როგორი იყო ემიგრაციის პირველი პერიოდი, ან რამდენ ხანს გასტანს ის? – ამ კითხვებზე „ქართულ კვირას“ თავად მალხაზ ბასილაია უპასუხებს.
– რატომ აირჩიეთ ეს ქვეყანა და გამართლდა თუ არა თქვენი იმედები?
– ეს ქვეყანა იმ მიზნით ავირჩიე, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბევრს უჭირს ამ ქვეყანაში მოხვედრა და მეც არ მქონდა დიდი იმედი, რომ შემიშვებდნენ. მოხდა სასწაული და სულ რაღაც ოც წუთიანი დაკითხვის შემდეგ მესაზღვრემ ქართულად მითხრა – კეთილი იყოს შენი ფეხი ისრაელშიო. იმედებს რაც შეეხება, გამართლდება მაშინ, როცა იმ მიზანს მივაღწევ, რისთვისაც ავირჩიე ეს ქვეყანა და ზოგადად, რისთვისაც გავხდი ემიგრანტი. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაქვს ის ანაზღაურება, რასაც ველოდი, თუმცა შრომაც მაქვს არანორმალური და დასვენების საშუალება თითქმის არც მაქვს.
– როგორი იყო ემიგრაციის პირველი პერიოდი და დასრულდა თუ არა ის(ემოციურ ნაწილს ვგულისხმობ)?
– ემიგრაციის პირველი პერიოდი უსაშინლესი იყო. ღამე არ მეძინა… ვერ ვიძინებდი… ფიქრებში ვათენებდი. ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი მახსენდებოდა და გეფიცებით, ამდენი არასდროს მიტირია… არ მშორდებოდა ჩემი შვილის სილუეტი, თვალწინ მედგა მისი ცრემლიანი თვალები, როცა საქართველოდან მაცილებდა. მე სახლიდან დიდი არაფერი წამომიღია, მხოლოდ ერთი ჩანთის ამარა ჩამოვედი, მოგვიანებით მეუღლემ ტანსაცმელი გამომიგზავნა. მას ვთხოვე ჩემი შვილის მაისური გამოეგზავნა, ისე რომ არ გაერეცხა და მისი სხეულის სუნიც გამოჰყოლოდა. ამ მაისურთან ერთად მძინავს დღემდე.
ასე ხანგრძლივი დროით ოჯახის არასოდეს დავშორებულვარ, დღემდე მაქვს სტრესი. ისინი მთხოვდნენ ვიდეოთვალით მესაუბრა, თუმცა თვალს არ ვრთავდი, რადგან ეს უარესი იყო ჩემთვის. არ შემეძლო თავი შემეკავებინა და არც ის მინდოდა ჩემს შვილს ენერვიულა ჩემი ემოციების გამო. რთულია ემიგრანტობა, მით უმეტეს ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა…
– ასეთ სიტუაციაში რა გაძლევთ სტიმულს?
– ჩემი ოჯახი და ჩემი უსაყვარლესი შვილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. სტიმულია ის, რომ მას შევუქმნა უკეთესი მომავალი, რასაც საქართველოში ვერ შევძლებდი და ამისთვის იმდენი ხანი ვიქნები ემიგრაციაში, რამდენი ხანიც მიზნის მიღწევას დასჭირდება და ბოლოს, როცა ყველაფერს გეგმის გათვალისწინებით გავაკეთებ, წელგამართული ჩავალ ჩემს შვილთან, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან. ჩემი სტიმული სწორედ ჩემი ოჯახის და შვილის უკეთესი, ბედნიერი მომავალია.
– როგორ ფიქრობთ, რა დრო დაგჭირდებათ ამისთვის?
– ჩემი ემიგრაცია იმდენ ხანს გასტანს, რამდენი ხანიც დასჭირდება სანდროს ბედნიერ ღიმილს. ჯერ ვფიქრობდი, რომ სამი წელი, მაგრამ ეს არავინ იცის, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. როგორც გითხარით, წელგამართული უნდა ჩავიდე საქართველოში…
– რას ეტყვით მათ, ვინც თქვენსავით ოჯახიდან და სამშობლოდან შორს იმყოფება?
– ყველაზე მთავარია ერთმანეთი გაიტანონ და დაინდონ, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში. მთავარი ესაა, რაც გადაგვარჩენს. დანარჩენი კი ყველაფერი თავისთავად მოვა. ვუსურვებ ყველა ემიგრანტს, მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახს ბედნიერად და დიდხანს, სრულ იდილიაში იცხოვრონ.