23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა 

1925 წელს ნავთლუღში 120 – მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა კი  დაიწყო 23 მაისს – სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.

საზოგადოებრივი რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოა ევროპაში და პირველი – საქართველოში. შეიქმნა მოსახლეობის დაფინანსებით. თავისი არსით იგი თავიდანვე საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა. საზოგადოებრივმა რადიომ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში და ქართული კულტურის განვითარებაში. საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.