„ბავშვური, კეთილი, ფერადი – მხატვარი, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ნახატებს“

20 მაისისთვის საზოგადოება მხატვარ ზურა გომელაურის გამოფენას ელოდება, რომელსაც 3 დღის განმავლობაში, თბილისის ღვინის მუზეუმი უმასპინძლებს. გამოფენა „სიცოცხლის ხე“ მხატვრის 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს მოუყრის თავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე, „სიცოცხლის ხის“ ორიგინალი ნამუშევარი და მის მიხედვით შექმნილი მანათობელი ინსტალაციები.

პოპულარული მხატვრის გამოფენას დამთვალიერებელი არასდროს აკლია. მისი ნახატები გამორჩეულია როგორც ხასიათით, ფერებითა და შინაარსით, ასევე საშემსრულებლო ტექნიკით, რომელიც თავად გვკარნახობს მისი ავტორის ვინაობას. თუმცა, მაინც, რას ხედავენ ადამიანები ზურა გომელაურის შემოქმედებაში? როგორია მხატვრის ნამუშევრები და რა განაპირობებს მათ პოპულარობას? ალბათ, საინტერესო იქნება, საზოგადოებას იმ ადამიანების აზრი გავაცნოთ, რომლებსაც ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და რომლებიც თავიანთ საქმეში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ისინი ზურას შემოქმედებასაც კარგად იცნობენ და მის პიროვნულ თვისებებსაც.


ნიკოლოზ წულუკიძე
-ამ სრულიად გამუქებულ და განაცრისფრებულ ყოფაში ზურა ცხოვრების გამფერადებელია. თავისი ნამუშევრებით, ის ბავშვურ განწყობას გვიქმნის, ისეთს, როგორიც თვითონ არის – მორიდებული, მოკრძალებული… მიხარია, რომ ზურა ჩემი მეგობარია. ჩემი აზრით, ის ძალიან საინტერესო ხელწერის მხატვარია. ზურას არასდროს არ აქვს თავის ნამუშევრებში შავი ფერი. მისი პერსონაჟები ფერად-ფერად განწყობას ქმნიან და სიკეთეს ასხივებენ. ის იმ დროსა და სივრცეს ქმნის, რომელიც მხოლოდ ზურა გომელაურის ხელწერის შედეგია. ამიტომაც ცდილობს ყველა, სახლში ზურას ერთი ნამუშევარი მაინც ჰქონდეს.

ლიზა ბაგრატიონი
-ჩემი აზრით, ზურა – თავისი მხატვრობითა და პიროვნული თვისებებით – დღევანდელ რეალობასთან, კარგი გაგებით, შეუსაბამოა. ის ასოცირდება ბავშვურ სიკეთესთან; გულუბრყვილობასთან; ლამაზ, სიკეთით სავსე და ფერად სამყაროსთან. მიუხედავად წლებისა, გამოცდილებისა, ტკივილებისა და უსამართლობისა, ზურა გომელაური რჩება იმ კეთილშობილ და გამორჩეულად ნათელ ადამიანად, როგორებიც ბავშვები არიან. ასეთივეა მისი შემოქმედებაც – ფერადი ან თეთრი, მაგრამ ყოველთვის კეთილი, ზღაპრული, უფრო ნათელი, უფრო მაღალი და უფრო მხიარული, ვიდრე რეალობა. შესაბამისად, მისი ყველა მეგობარი და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი ამ გულწრფელობასა და სიკეთეს ვიღებთ ზურასთან და მის ნამუშევრებთან ურთიერთობისას.

ნატო მეტონიძე
-ზურა რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ჩემთვის სუფთა ჰაერივით გახდა. ადამიანებს ხანდახან გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა გულგატეხილი ვართ, პესიმისტურად ვუყურებ ყველაფერს და ზოგადად, ადამიანების მიმართ იმედგაცრუებას ვგრძნობთ. ზურა ასეთ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ უნდოდა, რომ ჩემთვის თავისი ნახატი ეჩუქებინა. როდესაც დავურეკე და საუბარი დავიწყეთ, მაშინვე მივხვდი, როგორი ადამიანი იყო.
ზურა ყოველთვის გეიმედება. ის ძალიან ჰგავს თავის ნახატებს. ისე ხედავს სამყაროს, როგორც ხატავს – ბავშვურად… ზოგადად, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანში ბავშვი, ეს უფრო მეტი ბედნიერებაა. ზურას ეს ბედნიერება აქვს. მას აქვს ბედნიერება, ჰყავდეს არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილი და უკვე შვილიშვილიც. ისინი ერთ ენაზე საუბრობენ და სამყაროსაც ერთნაირად ხედავენ. ისინიც ასეთები არიან, რადგან, ალბათ, ზურაა ასეთი… და ის მართლაც ძალიან ჰგავს თავის ნახატებს – ერთი მხრივ, თითქოს, ინფანტილური, მაგრამ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკით. თუნდაც მისი გროტესკული ფიგურები… ყველას თავისი ხასიათი აქვს, ყველა მათგანი ნათელი და კეთილია. თვითონ ზურაც ხომ ასეთია… ვუსურვებ, რომ მთელი ცხოვრება ასეთი დარჩეს. თუმცა, მას სხვაგვარად არც შეუძლია.

ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე, პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ. სწორედ ამას უნდა ველოდოთ ახალი გამოფენიდანაც, რომელიც „მეიდან ჯგუფის“ მხარდაჭერით თბილისის ღვინის მუზეუმში მრავალწლიანი ისტორიის, ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთულ უნიკალურ სივრცეში 17:00-ზე გაიხსნება. საღამოს, ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალებს გააცნობს.


ეწვიეთ თბილისის ღვინის მეზეუმის გვერდს – https://www.facebook.com/tbilisiwinemuseum