დღეს, მთაწმინდის პარკში, “ახალი ღვინის ფესტივალი 2023“ იმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, “ღვინის კლუბი” მასპინძლობს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია “ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2023 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.
“ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.
ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2023 დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა”, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.