თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909–14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. მისი მთავარი მისიაა კავკასიის მცენარეთა შესწავლა, შენარჩუნება და მათი გონივრული გამოყენების ხელშეწყობა.
ბოლო წლებში გააქტიურდა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპისა და ამერიკის წამყვან ბოტანიკურ ბაღებთან.
2005 წლიდან ბოტანიკური ბაღი შეუერთდა დიდი ბრიტანეთის KEW „ათასწლეულის თესლის ბანკის“ პროექტს, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს ველური ფლორის ენდემური, იშვიათი, მოწყვლადი, ეკონომიკური მნიშვნელობის სახეობების თესლის ბანკის შექმნა.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღის ეროვნულ თესლის ბანკში დაცულია საქართველოს ველური ფლორის 45%.