ეროვნული არქივი გამოფენას „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წწ“ მასპინძლობს

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს გამოფენას „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წწ.“, რომელიც  აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს და ქმნილებებს აცოცხლებს.

გამოფენის დამთვალიერებელი გაეცნობა XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო მხატვრობის ხელოვნებას.

ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.

გამოფენის კურატორია მხატვარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა მგალობლიშვილი.

გამოფენა 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.