მწერალთა სახლი ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, ბოლო 3 წლის მანძილზე არ ჩატარებულა და წელს პირველად უბრუნდება ფიზიკურ ფორმატს, რის გამოც ძალიან გაზრდილია საგამომცემლო სფეროს აქტივობა და ბაზრობის ფარგლებში შემოთავაზებული ლიტერატურული შეხვედრებისა და დისკუსიებით ვიზიტორების დაინტერესება.

საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს მწერალთა სახლი გერმანულენოვან მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, 27-დან 30 აპრილამდე დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებში გერმანელ გამომცემლებთან და მოდერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერლები: ვასო გულეური, სალომე ბენიძე, ირმა შიოლაშვილი და ბელა ჩეკურიშვილი.