მწერალთა სახლი ქართულ ლიტერატურას ბუენოს-აირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე წარადგენს

27 აპრილიდან მწერალთა სახლი ქართულ ლიტერატურას ბუენოს-აირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე წარადგენს. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ქართველ ავტორთა ნაწარმოებები შეემატება.

საქართველოს სტენდი ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიურ სტენდზე.

სტენდზე გამოფენილი იქნება ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მწერალთა სახლის მიერ მომზადებულ კატალოგებს ქართველი მწერლების შესახებ.

ქართული დელეგაცია ბუენოს აირესში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე საქმიან შეხვედრებს გამართავს კულტურის სფეროს არგენტინელ წარმომადგენლებთან და გამომცემლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას ესპანურენოვან სამყაროში.

ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ბაზრობაა ესპანურენოვან სამყაროში. ბაზრობა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება, მილიონზე მეტ მკითხველს და 12000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს. წელს ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქალაქი სანტიაგო იქნება.