“ქაქუცა ჩოლოყაშვილის უცნობი ფოტო – ის მარჯვნიდან მეორეა ალექსანდრე ამილახვრის საზოგადოებაში. ალექსანდრეს ქალიშვილის, დანას (რუსუდანის) კოლექციაში ვნახე. ქვეყნდება პირველად”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეს აქამდე უცნობი უნიკალური ფოტო ერთ-ერთია იმ საარქივო დოკუმენტებიდან, რომელიც რუსუდან (დანა) ამილახვარმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.
არქივის პირველი ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა პარიზიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანეს, მეორე ნაწილი კი, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს რამდენიმე დღის წინ შეემატა.
რუსუდან (დანა) ამილახვარი არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, საფრანგეთში, ემიგრაციაში მცხოვრები ალექსანდრე ამილახვრის ქალიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი უნიკალური არქივი (ფოტოები, დოკუმენტები, წერილები და სხვა) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაეცა.