ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ამერიკაში საერთაშორისო შეჯიბრებაზე 6 მედალი მოიპოვეს

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ – იორკის შტატის ქალაქ შენექტადის კოლეჯის სპორტულ დარბაზში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე 6 მედალი მოიპოვეს.

19 -წლამდელთა ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 12 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო, ქართული დელეგაცია 17-წლამდელთა ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებული გუნდით ჩაება კონკურენციაში. შეჯიბრება განსხვავებული, წრიული ფორმატით ჩატარდა და თითოეულ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ექვს-ექვსი საუკეთესო ავიდა.

გიორგი მაისურაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა. სანდრო ყურაშვილმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგიაშვილმა, ნიკოლოზ გოგიაშვილმა და დაჩი პაპინაშვილმა კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის გარდა, ერთკვირიან საერთო სანაკრებო წვრთნებშიც მიიღო მონაწილეობა.