როცა სიკეთის სახელით მოქმედებ – ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავენ

როდესაც ამ თემაზე მასალას ვწერ, ყოველთვის ერთი სურვილი – ლოცვა მახსენდება: ღმერთო, მომეცი იმის ძალა, რომ ისეთი კარგი ადამიანი გავხდე, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ.

ბოლო დროს, ჩვენში, ოთხფეხა მეგობრებისადმი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა და ვინც იცის, თავის ცუგოს უკვე რამდენმა ადამიანმა „გაუმართლა იმედი“ და სიკეთის სამსახურში ჩადგა. ბევრად სასიხარულოა, როცა მათი ბედით მოზარდები არიან დაინტერესებული და ამას საქმითაც გამოხატავენ.

არც ისე დიდი ხნის წინ, თბილისის ბაქსვუდის სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე, მარია ჯანგიძე, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს“ დაუკავშირდა დახმარების თხოვნით, რათა სკოლაში ერთი პროექტის პრეზენტაციის გაკეთებაში დახმარებოდნენ. ამის შემდეგ მარიამი ისევ შეეხმიანა მათ და ამჯერად, მიუსაფარი ძაღლებისთვის სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვილი საკვები და აქსესუარები გადასცა. გადავწყვიტეთ მარიამს გავსაუბრებოდით:

მარია ჯანგიძე

– მარიამ, გარდა იმისა, რომ ოთხფეხა მეგობრები გიყვარ, კიდევ რა გახდა იმის სტიმული, რომ ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს შეუერთდი?  

– საერთოდ ძალიან მაწუხებს ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრების მდგომარეობა. ისინი ხშირად შიმშილისა და სიცივისგან იღუპებიან. სულ ვფიქრობდი როგორ შემეძლო მათთვის დახმარების გაწევა. ამიტომაც ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მათ დასახმარებლად საჭირო რესურსები შემეგროვებინა. მოგვიანებით კი, მომინდა, რომ ამ საქმეში მთელი სკოლა ყოფილიყო ჩართული. მაქს კვიჟინაძემ, რომელიც ჩემი სკოლის კოლექტივის წევრია, ამ წამოწყებაში მხარი დამიჭირა და სამომავლოდ რეკომენდაციებიც მომცა. ამ თემაზე ბავშვებთან ერთად ბევრი ვისაუბრეთ და საბოლოოდ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ოთხფეხა მეგობრებისთვის საკვები, წამლები და აქსესუარები შეგვეძინა.

როგორ შეხვდნენ აღნიშნული სახალო ფრონტის ორგანიზატორები შენს წინადადებას და როგორ გადაიდგა პირველი ნაბიჯები?

– მათ ძალიან გაუხარდათ ჩემი ინიციატივა და კონკრეტულ საკითხებზე დამაკვალიანეს. მირჩიეს, თუ რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. ჩემი წერილის მიღების შემდეგ სკოლაში პოსტერები გავაკარი და ამ თემაზე ბავშვების წინაშე ბევრი ვისაუბრე. მიხარია, რომ ამ საქმეში ისინი მეორე დღიდანვე ჩაერთნენ. ამ ეტაპზე იგეგმება „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ სკოლაში მოწვევა. სამომავლოდ მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების აშენებას ვგეგმავთ.

რომელიმე ცუგოსთან დაკავშირებული რაიმე ისტორია ხომ არ გახსენდება?

– ერთი ძაღლი გამახსენდა, ჭრელა ჰქვია, ის თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან ცხოვრობს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ყოველთვის მშვიდად ხვდება, უკვე ყველას მეგობარია. ერთხელ შევნიშნე როგორ გადაჰყავდა მას ბავშვები შუქნიშანზე და მერე ისევ თავის ადგილზე ბრუნდებოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს არსებები ძალიან გონიერები არიან და ერთგული მეგობრის ტიტულს მართლა იმსახურებენ.

თავად თუ გყავ სახლში ოთხფეხა მეგობარი?

– დიახ, სახლში მყავს ხუთი წლის ტაქსა, სახელად გრაფი, რომელიც მე და ჩემ ძმას მშობლებმა გვაჩუქეს ახალ წელს. ალბათ ამ გზით უფროსებს უნდოდათ, რომ ჩვენ სხვა არსებაზე პასუხისმგებლობის აღება გვესწავლა. საბოლოოდ ასეც მოხდა, გრაფი უკვე ჩვენი ოჯახის ნამდვილი წევრია და მასზე ყველანი ერთნაირად ვზრუნავთ.

როგორ გესმი, სიკეთე რა არის?

– სიკეთე არის ძალა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია უამრავი ადამიანი გავაბედნიეროთ და მათ მოტივაცია მივცეთ ცხოვრებაში. სიკეთის უნარი განსაკუთრებით მაშინ არის შედეგიანი და შთამბეჭდავი, როდესაც ალალი გულით აკეთებ. მე მჯერა, რომ ჩადენილი სიკეთე ადამიანს უკან უბრუნდება და იმის სტიმულს აძლევს, რომ კიდევ ბევრი კარგი საქმე გააკეთოს.

მასალა მოამზადა მაკა ალექსიშვილმა