პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი – პოეტი, რომლის ლექსებზე უამრავი სიმღერაა შექმნილი, ერეკლე მეორის შვილის – გიორგი მეთორმეტის პირდაპირი შთამომავალი იყო. პირველი ლექსი 24 წლის ასაკში დაწერა 1944 წელს:
“დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია
მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,
ნაირმალივით გულზე მატყვია
შენი პატარა ტერფების კვალი.
არც იერიშით მივსულვარ მტერზე,
არც შურისგების მითქვამს პირობა,
არ მიბრძოლია და მაინც მკერდზე
მაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა.
და როცა ვინმე შენ, უტიფარი,
მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით,
მსურს დავულეწო გულის ფიცარი,
ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით.
მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყია
მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,
ნაირმალივით გულზე მატყვია
შენი პატარა ფეხების კვალი“.
ამ ლექსის დაწერისთვის დააპატიმრეს…
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი იყო პოეტი, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე… მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: “შეხვედრა მთაში”, “კეთილი ადამიანები”, “ბაში-აჩუკი”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “აბეზარა”, “მხიარული რომანი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “განგაში”, “მიმინო”… ხოლო მის ლექსზე შექმნილი სიმღერა „თბილისო“ თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა…
ასეთ პოეტს სიცოცხლეში ერთი კრებულიც კი არ დაუბეჭდავს. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, უახლოესი მეგობრის აკაკი დვალიშვილის დიდი ძალისხმევით გამოიცა პოეტის არასრული კრებული, რომელიც საოცარი ლექსით იწყება:
“შიშში აღზრდილი,
უნდობლობაში დაკაცებული,
ციხის მუქარით გაწამებული
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად – გამბედაობას.
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.
რაც მქონდა წმინდა –
ყველაფერი სულში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.
რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი – საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.
ქალები – ბერწი,
ვაჟი – ცვედანი,
აი, დედანი…
ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,
სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,
აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი –
იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა
დამპალი სისხლით და ათაშანგით.”
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი გარდაიცვალა 1984 წელს – 64 წლის ასაკში, დაკრძალულია სვეტიცხოველში – მეფე ერეკლეს გვერდით.