უიშვიათესი ”საქართველოს ისტორიული რუკა”, რომლის შემდგენელ-გამომცემელი გააციმბირეს

საქართველოს ისტორიული რუკა, შინ. სახ. კ –ტის გამოცემა, [თბ.] 1923 წ.

”საქართველოს ისტორიული რუკა” იშვიათობაა, მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად შემორჩენილი ბიბლიოთეკებსა და კერძო მფლობელებთან. გამოცემის ტირაჟი გაანადგურეს, რუკის შემდგენელ-გამომცემელი, ტოპოგრაფ-კარტოგრაფი ევსევი ბარამიძე კი ციმბირში გადაასახლეს.

რუკა გამოიცა ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით. შედგენილი იყო მისივე მონოგრაფიის მიხედვით – „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“. თავის მხრივ, მონოგრაფიას საფუძვლად ედო ვახუშტი ბატონიშვილის რუკები.

მათ შემდეგ ”საქართველოს ისტორიული რუკა” იყო პირველი ნაშრომი და მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ საისტორიო გეოგრაფიაში. მასზე აისახა საქართველოს პოლიტიკური საზღვრები ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის, ახალი წელთაღრიცხვის XII საუკუნისა და 1783 წლისათვის. მას დაემატა ძველი და ახალი ვითარების ამსახველი ფაქტებიც და ეს რუკა შეუცვლელ საბუთად იქცა ქართული ისტორიული მეცნიერების არაერთი დარგის მკვლევართათვის.

📷საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა