ეს ადამიანი პირველი ბაიკერია თიანეთიდან – მიშა ხეთაგიშვილი, იგივე “პუჭურ მიშა“, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ლეგენდარული HARLEY – DAVIDSON-ით დადიოდა თიანეთში. მოტოციკლეტი მეორე მსოფლიო ომიდან ჰქონდა ჩამოტანილი, რომლის მონაწილეც თავად იყო.
მიშა ხეთაგიშვლი დაიბადა თბილისში, 1900 წელს. ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო მბეჭდავად თბილისის რკინიგზის სტამბაში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მან შემოიტანა თიანეთში პირველი სტამბა და თავადვე უძღვებოდა ამ საქმიანობას.
მოგვიანებით მიშა აირჩიეს ახალსოფლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ.
ზოგადად, მიშა ხეთაგიშვილი ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო, ძალიან კარგად იცოდა ელექტრო მოწყობილობების აწყობა და გამოყენება. მან თავის ხელით, მანქანის ძრავით გააკეთა ელექტრო წისქვილი, რომელიც იმდენად კომპაქტური იყო, რომ ურმით დაჰქონდა სხვადასხვა სოფელში.
მას ძალიან უყვარდა ნადირობა და ნანადირევი ხშირადაც მიჰქონდა სახლში, ჰყავდა მონადირე ძაღლი, რომელიც ისე იყო გაწვრთნილი, რომ მიშა ხორცის ნაჭერს ადებდა დინგზე და სანამ ნებას არ მიცემდა, არ ჭამდა.
მიშა ხეთაგიშვლი გარდა პიროვნული თვისებებისა გარეგნულადაც გამორჩეული და კოლორიტული ტიპაჟი იყო. მას ძალიან დამახასიათებელი ჩაცმის სტილი ჰქონდა, სეზონის მიუხედავად ყოველთვის ტყავის მაღალყელიან ჩექმას ატარებდა. ვინც იცნობდა, მას ახასიათებენ როგორც ძალიან ჭკვიან და დადებით პიროვნებას.