თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გრავიურა 1737 წელს ვაესბერგის მიერ გამოცემულ “Beschryving van eene Reize naar de Levant”-ში (ლევანტში მოგზაურობის აღწერა) არის შეტანილი. გამოცემა ნიდერლანდურ ენაზეა შესრულებული. ქალაქის ეს ხედი, ისევე როგორც თბილისელი ქალების ჩანახატი, ფრანგი ბოტანიკოსის და მოგზაურის, ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის საქართველოში მოგზაურობის დროს არის შესრულებული. ჩანახატების ავტორი, ფრანგი მხატვარი კლოდ ობრიეა. იგი 1701 წელს ტურნეფორს თან ახლდა თბილისში.
მიუხედავად იმისა, რომ ვაესბერგის გამოცემაზე, თბილისის ჩანახატს არ ერთვის შენობა-ნაგებობების აღმნიშვნელი მინაწერები, ბევრი ობიექტის იდენტიფიცირება იოლად შეიძლება. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქის თავზე ნარიყალას ციხეა, რაც სიღრმეში წყლის არხით გრძელდება. ნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის გალავანი ეშვება და მტკვრის სანაპიროს მიუყვება. გალავნის შიგნით, მარცხნივ, სამეფო სასახლეა. შესაძლებელია ეკლესიების, ქარვასლის და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება.
თბილისელი ქალების ჩანახატი თბილისის მცხოვრებთა ჩვენამდე დადასტურებულად მოღწეული პირველი ჩანახატია. აღსანიშნავია, რომ მხატვარი მისი შესრულებისას ეყრდნობოდა არა წარმოსახვას ან სხვათა მოწოდებულ ცნობებს, არამედ ხატავდა საკუთარი თვალით ნანახს.
თბილისელი ქალები. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი
ამსტერდამი. 1737
ექსპონატი გამოფენიდან „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“.
დაცულია სულხან სალაძის კერძო კოლექციაში.
გრავიურების ავტორი: კლოდ ობრიე
გამომცემელი: ჰენდრიკ იენსენ ვან ვაესბერგი (1687-1748)