ინგა გურგენიძემ საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა

დღეს, 4 მარტს, დილით ადრე დასრულდა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე   გოგონათა  ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში, რომელშიც სულ 39 ქვეყნის 47 გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ღირსეულად  იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და სულ 7 ნახტომითი  ელემენტი  შეასრულა, მათ შორის ურთულესი ტექნიკური ელემენტი სამ-ნახევარი აქსელი ორჯერ გამოიყენა თავის პროგრამაში, ერთი სოლო ნახტომის სახით და მეორე კომბინაციაში.

ინგა გურგენიძის  გამოსვლა ერთ – ერთი საუკეთესო იყო სეზონის მანძილზე და რომ არა, მოკლე პროგრამაში ამავე სამ-ნახევარ  აქსელზე დაშვებული შეცდომა, ქართველი სპორტსმენი საუკეთესო სამეულშიც აღმოჩნდებოდა… საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ინგა გურგენიძემ 120.48 ქულით მე-7, ხოლო ორი პროგრამის  ჯამში 172.5 ქულით საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა.

ამ შედეგის გათვალისწინებით ინგა გურგენიძემ საქართველოს მომავალი წლის იუნიორთა მსოფლიო  ჩემპიონატზე 2 ადგილი და 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ქვეყანას ლიცენზია მოუტანა გოგონების კატეგორიაში, ამასთან  მსოფლიოს 2023 წლის საერთო რეიტინგულ  გუნდურ  ჩათვლაში საქართველოს 215 ქულა შესძინა.