მალე, მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საგანმანათლებლო და კვლევით დანიშნულებასთან ერთად, სისტემის მსხვერპლთა გახსენებას და მათი ხსოვნის პატივისცემას ისახავს მიზნად. ამავდროულად, მუზეუმი დამთვალიერებელს უამბობს, რომ ქართველ მწერლებს, მიუხედავად უმძიმესი წნეხისა, არასდროს შეუწყვეტიათ ფიქრი საქართველოს თავისუფლებაზე და რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის მაგალითები მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა.
„დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. 1921 წლის 28 თებერვალს, დავით სარაჯიშვილისეული სახლი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ მრეწველსა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა, საბჭოთა რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადაეცა. ასე იწყება ამ სახლის საბჭოთა ისტორია, რომელიც მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოიცავს.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დამთვალიერებელი გაეცნობა ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს, იმ მექანიზმებს, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა.
მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოში ამერიკის საელჩო და იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“”, – ნათქვამია რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.