კოლაუ ნადირაძის წერილი მიქელ პატარიძეს (მიქელ პატარიძე — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე)
„ძვირფასო მიქელ!
იმ ბედნიერ დღეებს, როცა იწერება შესანიშნავი ლექსები და იბადება კეთილშობილი იდეები, ალბათ, თავიანთი წინასწარგანზომილობა აქვთ. მე მჯერა, რომ ისინი განირჩევიან სხვა დღეებისაგან. მათი ტრანსცენდენტალური ლოგიკურობა ისეთივეა, როგორც შემოქმედების და ჭვრეტის აქტი. და, რასაკვირველია, სამართლიანი იქნებოდა, რომ დღეებს თავიანთი მემატიანე ჰყავდეს, თუ, საერთოდ, ადამიანის ცივ გონებას კიდევ არ დაუკარგავს ეს უზენაესი თვისება… ჩვენი „შემოდგომის დიალოგები“ ასეთ საოცნებო ადამიანის ყურადღების საგანს უნდა შეადგენდეს.
ერთი წლის წინად ჩვენ მივმართეთ ერთმანეთს ორი პატარა, მოულოდნელი ლექსით. ერთი წლის წინად საერთო მარტოობის და სევდების დღეებში, რომელთაც მხოლოდ ჩვენი მეგობრობის და ხელოვნების სიყვარული ანელებდა თავისი სითბოთი, ჩვენ დაგვებადა, ძვირფასო მეგობარო, ეს იდეა, უკეთ რომ ვთქვათ, სურვილი, რომ ამ მკაცრი საუკუნის გრიგალში გვეთქვა ჩვენი ხმით რამოდენიმე სიმღერა ერთმანეთის გასაგონად და კეთილშობილი რწმენით, რომ შევსძლებდით გამოგვეთქვა ის, რაც ასე გვაღელვებს ჩვენ, რაც მართლა აწვალებს ჩვენს მოუსვენარ, ცოტათი დაღლილ ფიქრს.
უკვე ერთი წელია, რაც მე მივიღე შენი მომართვა და შენი პირველი ლექსი. ჩემი დუმილი ამ ხნის განმავლობაში შეუწყნარებელი დანაშაული იქნებოდა, რომ მე არ მაიმედოვნებდეს რწმენა, რომ ეს დრო ტყუილად არ დაკარგულა, რომ თვითოეული დღე არ ყოფილიყოს განსჭვალული ფიქრით ამის შესახებ და იმედით, როგორმე მოვმზადებულიყავ ამ საპასუხისმგებლო და მაღალი მიზნისათვის.
ეხლა ეს, თითქოს შევსძელი. ამ წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა ჩვენში: საქართველოს სიყვარული, ჩვენი მეგობრობა, ადამიანისადმი სიბრალული, ჩვენი თაყვანისცემა მშვენიერებისა და ხელოვნების წინაშე – იგივეა. მხოლოდ რამოდენიმე ვერცხლი შეემატა ჩვენს თმებს და შთაგონებამ რამოდენიმეჯერ ცეცხლით გაიარა ჩვენს სულში…
და თუ მართალია კარბე, რომ „გრძნობებს, ზოგჯერ, თავიანთი ბედი აქვთ“ – მომეცი ნება, ძვირფასო მეგობარო, მეც დავიჯერო ეს და ვიფიქრო, რომ ამ გრძნობების და უანგარო სიყვარულის ბედი არ იქნება ისეთი მკაცრი და ულმობელი, როგორც ყოველთვის.
კოლაუ ნადირაძე“
წერილი დაცულია ლიტერატურის მუზეუმში