Gorgasali Battle Royale – ასე ჰქვია საქართველოში ყველაზე პოპულარულ სამაგიდო თამაშს, რომელიც ბევრ ქართველს დაეხმარა სამაგიდო თამაშების პირველი გამოცდილების მიღებაში. თამაშის იდეა 6 მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც სამაგიდო თამაშების არჩევანის ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტეს, ახალი თამაში თავადვე მოეფიქრებინათ. მეგობრებმა კომპანია BG Era games დააარსეს და დაიწყეს რთული პროცესი, რასაც ისტორიის დაწერა, მექანიზმის დაბალანსება, უამრავი სატესტო მცდელობა და საბოლოოდ მხატვრის მოძიების შემდეგ, იდეის სრულყოფა მოჰყვა.
BG Era Games სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი გახდა, რამაც ხელი შეუწყო თამაშის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთის, ამერიკის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა, ესპანეთის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
Gorgasali Battle Royale-ის შემდეგ კომპანიამ ახალი თამაში „მეგალომანია“ წარადგინა. თამაშმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და მსოფლიოში ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ონლაინ სამაგიდო თამაშების სივრცეში – Boardgamearena გამოჩნდა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
BG Era Games მუდმივად ცდილობს პროდუქციის დახვეწას და გამრავალფეროვნებას. კომპანიის პროდუქტის შეძენა უკვე ამერიკაში Amazon.com-ზეა შესაძლებელი და საკმაოდ მოთხოვნადია.
წყარო: Enterprise Georgia