ხალხში არსებული ზეპირი გადმოცემის თანახმად ცხუმარის თემის სოფელ ლაბსყალდის მცხოვრების, ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის მეკლიტულის, ვარდენ თავას ძე გუგუსიანისაგან (დაბადებული 1924 წელს, განათლება – არასრული საშუალო, შვიდწლედი), ოდესღაც თურქებს ბალს ზემო სვანეთში (მესტიის რ-ნი, უბატონო სვანეთი) ეკლესიები გაუძარცვავთ. ბალს ქვემო სვანეთში (მესტიის რ-ნი, სადადეშქელიანო სვანეთი) ჩამოვიდნენ თუ არა, უცაბედად დიდი თოვლი მოსულა და გზები ჩაკეტილა.
თურქებს მიზნად ჰქონიათ დასახული, შეძლებისდაგვარად ბალს ქვემო სვანეთის ეკლესიებიც გაეძარცვათ, მაგრამ ამ განზრახვაზე დროებით ხელი აუღიათ და მკვიდრი მოსახლეობის წინაშე წარმსდგარან.
მთხრობელის თქმით, ხსენებული თურქები უბრალო მძარცველები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც სვანეთის ეკლესიებიდან განძეულობის (მოოქროვილი ვერცხლის ხატებისა და ჯვრების) მალულად, ზედმეტი აყალმაყალის გარეშე გატაცება ეწადათ მხოლოდ და არა ის, რომ სვანეთი დაეპყროთ, მოსახლეობა აეწიოკებინათ, დაებეგრათ და სხვა. ამრიგად, მთხრობელს უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცოდა თურქ მძარცველთა სვანეთში ყოფნის შესახებ მანამ, სანამ სტიქიით იძულებული მძარცველები თავიანთი ნებით არ ეჩვენნენ ხალხს, ე.ი. ბალს ზემო სვანეთში თურქ მძარცველთა ყოფნისა და მოქმედების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, რაზეც, მთხრობელისავე აზრით, ის ფაქტი მეტყველებს, რომ გადმოცემა არაფერს ამბობს ბალს ზემო სვანეთის მოსახლეობის მიერ თურქ მძარცველთა მიმართ გაწეულ წინააღმდეგობაზე, მათ შორის რამე დაპირისპირებაზე, რაც თურქ მძარცველთა აშკარა მოქმედების შემთხვევაში გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.
ბალს ქვემო სვანეთში ჩამოსული თურქი მძარცველები დღევანდელი ეცერ-ცხუმარისა და ნაკის (ნაკრის) ტერიტორიებზე იმ დროს არსებულ ხევთა (ხევი, ხევთა) მოსახლეობაში განლაგებულან. მათ ყოველ მოსახლეზე ოთხი-ხუთი მხედრის გამოკვება დაუვალებიათ მანამ, სანამ გზა გაიხსნებოდა, ხოლო გზის გახსნის შემდგომ, გაძარცვავდნენ რა ამ ხევთა ეკლესიებს, თურქი მძარცველები, მთხრობელის თქმით, დაუყვებოდნენ კოლხეთის დაბლობისაკენ და გზადაგზა განაგრძობდნენ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას.
ეცერ ცხუმარისა და ნაკრის მოსახლეობას კი თურქ მძარცველთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა გადაუწყვეტია.
გადმოცემის თანახმად, აჯანყებულები მორიდებიან თურქ მძარცველებთან პირისპირ შებმას და გადაუწყვეტიათ, რომ აჯანყება თურქ მძარცველთათვის მოულოდნელად მოეწყოთ.
ასეც მომხდარა. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხუმარის ყოველი მოსახლის ეზოს ჭიშკართან მამლის პირველ დაყივლებაზე დაინთო პატარა კოცონი ნიშნად აჯანყებისათვის ცხუმარის მთელი მოსახლეობის მზადყოფნისა და ეს ენიშნათ ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოდან (ცხუმარი) ფხტრერის მთავარანგელოზის ეკლესიაში (ეცერი) და თავრარის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში (ნაკი) კანაფის კონებისაგან დანთებული კოცონით ამცნეს ცხუმარის მოსახლეობის მზადყოფნა აჯანყებისათვის.
ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში დანთებულ კოცონს ფხტრერის მთავარანგელოზისა და თავრარის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიების ეზოებიდანაც კოცონით უპასუხეს, რაც იმას მოწმობდა, რომ ეცერისა და ნაკის მოსახლეობაც მზადყოფნაში იყო.
ეცერ-ცხუმარისა და ნაკის მოსახლეობამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ერთდროულად, მამლის მეორე დაყივლებაზე დაიწყო და თურქი მძარცველები ერთიანად ამოწყვიტა. გადმოცემის თანახმად, თურქ მძარცველთა მცირე ნაწილს გაქცევა უცდია, მაგრამ ამაოდ. ეცერ-ცხუმარისა და ნაკრის მოსახლეობამ არათუ თავიანთი სოფლების ეკლესიებიდან არ გაატანა თურქ მძარცველებს განძეულობა, არამედ მათ მიერ ბალს ზემო სვანეთის ეკლესიებიდან წამოღებული განძიც ხელთ იგდო და თავიანთ ეკლესიებში მიუჩინა ადგილი. მთხრობელის თქმით, იმ სიწმინდეთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ლაბსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში ინახება, ის განძია, რომელიც თურქ მძარცველებს ბალს ზემო სვანეთის ეკლესიებიდან გაეტაცებინა და რომელიც შემდგომ ლაბსყალდელებმა თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების შედეგად იგდეს ხელთ. ამ ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად დაწესებულა სახალხო დღესასწაული “ლიჩედურალ”, რომელსაც მეტწილ შემთხვევებში ლამპრობის სახელით მოიხსენიებენ. საინტერესოა, თუ რატომ დაერქვა ამ დღესასწაულს “ლიჩედურალ”. გადმოცემის თანახმად, როდესაც ეცერ-ცხუმარისა და ნაკის მოსახლეობას თურქ მძარცველთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა ერთდროულად დაუწყია, მძარცველთა მცირე ნაწილს გაქცევა უცდია. მათ მცდელობას, სიბნელით ესარგებლათ და გაქცეულიყვნენ ან დამალულიყვნენ, მართალია, ფუჭად ჩაუვლია, მაგრამ მძარცველთა მცდელობის ფაქტი გაქცევისა და დამალვისა ფაქტად რჩება და, მთხრობელის თქმით, ლიჩედურალ დღესასწაულის სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან უნდა მომდინარეობდეს, რამეთუ სვანურად სიტყვა “ლიჩედ”- გაქცევას ნიშნავს, “ლიჩედურალ” კი სიტყვასიტყვით – გაქცევისა და დამალვის მცდელობას. დღესასწაული ლიჩედურალ ანუ ლამპრობა გარდამავალი დღესასწაულია და საეკლესიო კალენდრის მიხედვით იგი ემთხვევა მეზვერისა და ფარისევლის კვირას.
თავდაპირველად დღესასწაულ ლიჩედურალის ჩატარების ცერემონიალი, მთხრობელის თქმით, უფრო პრიმიტიული ყოფილა. გადმოცემის თანახმად, თურქ მძარცველთა წინააღმდეგ აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების დღიდან რამდენიმე წელიწადს თურმე დღესასწაულ ლიჩედურალს ეკლესიის ეზოში კანაფის კონებისაგან დანთებული კოცონით აღნიშნავდნენ მხოლოდ და თან, რა თქმა უნდა, ლოცვას აღავლენდნენ, რის შემდეგაც იშლებოდა სუფრა და იმართებოდა პურობა, ხოლო შემდგომ, დროთა განმავლობაში ამ დღესასწაულმა, მთხრობელის თქმით, უფრო დახვეწილი სახე მიიღო და კანაფის კონები არყის ხისაგან დამზადებულმა ლამპრებმა შეცვალეს. ლამპრის დასამზადებლად მაინცდამაინც არყის ხის შერჩევა იმით არის განპირობებული, რომ, ხალხის რწმენით, არყის ხე ქრისტეს მიერ დანალოცად, ნაკურთხად ითვლება. ლეგენდის თანახმად, როდესაც ებრაელებს ქრისტეს შეპყრობა ნდომებიათ, არყის ხეს ტოტები დაბლა ჩამოუშვია და ქრისტე დაუმალავს. ამის შემდეგ თითქოს იესო ქრისტეს არყის ხე დაულოცავს ანუ უკურთხებია. ლიჩედურალ დღესასწაულისათვის მეორე სახელის – ლამპრობის – დარქმევა კი, მთხრობელის თქმით, ლიჩედურალის სადღესასწაულო რიტუალში კანაფის კონების არყის ხისაგან დამზადებული ლამპრებით შეცვლამ გამოიწვია.
ბალს ქვემო სვანეთში ყოველ ოჯახში ლამპარი მზადდება ლიჩედურალ დღესასწაულამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე. ლამპრების დასამზადებლად განკუთვნილ დღეს ლალჩა ეწოდება. დღეს ხდიან ხორბლის არაყს, განკუთვნილს ლიჩედურალ დღესასწაულისათვის და ლამპრების დამზადებაც სწორედ მის პარალელურად მიმდინარეობს. ლამპარი ყოველ ოჯახში მზადდება იმაზე ერთით მეტი, რამდენი ქუდისდამხურავიც არის ოჯახში. ერთ ლამპარს განსაკუთრებულს ამზადებენ. მას “ღერთემ ლამპარ”-ს ანუ საღვთო ლამპარს უწოდებენ. ლიჩედურალ დღესასწაულისათვის დასამზადებელი ლამპრების რაოდენობის ოჯახში მყოფ ქუდისდამხურავთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა, მთხრობელის თქმით, სიმბოლურად იმის აღმნიშვნელი უნდა იყოს და იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ქუდზე კაცი გამოვიდა, ხოლო საღვთო ლამპრის წარმოშობა თურქ მძარცველთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დღეს მამლის პირველი დაყივლებაზე ყოველი აჯანყებული მოსახლის ეზოს ჭიშკართან აჯანყებისათვის მზადყოფნის ნიშნად დანთებულ კოცონთან უნდა იყოს დაკავშირებული. საღვთო ლამპრის წარმოშობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, მთხრობელის თქმით, ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც უთენია ლიჩედურალ დღესასწაული იწყება, ოჯახის უფროსი (მახვში) პირველად საღვთო ლამპარს წაუკიდებს ცეცხლს და ეზოს ჭიშკართან თოვლში ჩაარჭობს, რის შემდეგაც დაილოცება: “ღერმეთ ანფიშირ მლპარი მარე, აშირ ათას ლამპრობოღ ანჰია”, ე.ი. ღმერთო, გვამრავლე მოლამპარე კაცი, ასი ათას ლამპრობას მოგვასწარიო. შემდეგ სხვა დანარჩენ ლამპრებსაც წაუკიდებენ ცეცხლს ოჯახის ქუდისდამხურავები და მიაქვთ სოფლის ცენტრში, სადაც მთელი სოფლის ქუდისდამხურავები იყრიან თავს, ალმოდებული ლამპრებისაგან ანთებენ კოცონს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამენ: “ჯგრაგ ლიჩედურალაშ, მლმპარი მარე ჩუვ ესეროღ ოთფიშრე მინე ქორისგა ი მინე სოფელისგა”, ე.ი. ლიჩედურალის ანუ ლამპრობის წმ. გიორგივ, მოლამპარე კაცი გვიმრავლე ოჯახებში და სოფელშიო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის მცირეწლოვანი ქუდისდამხურავი, თუნდაც ჩვილი და ამიტომ, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ოჯახის რომელიმე ქუდისდამხურავს ლამპრის ტარება ფიზიკურად არ შეუძლია, მის მაგივრად მისი კუთვნილი ლამპარი ოჯახის სხვა ქუდისდამხურავს მიაქვს დანიშნულ ადგილას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახის ქუდისდამხურავთაგან ლამპრის ტარება ფიზიკურად არცერთს არ შეუძლია, მაშინ ამ ოჯახის ქუდისდამხურავთა კუთვნილი ლამპრები მათ უახლოეს ნათესავებს ან მეზობლებს მიაქვთ დანიშნულ ადგილას. რაც შეეხება საღვთო ლამპარს, იგი წესისამებრ უნდა დაიწვას ეზოს ჭიშკართან. გამთენიისას სოფლის ყოველი დიასახლისი კუბდარისა და ხაჭაპურის სახით გამოაცხობს რიტუალურ პურებს (ლემზრალ), რომელთაც ლალჩა დღეს გამოხდილ ხორბლის არაყთან ერთად მამაკაცები წაიღებენ იმ ადგილას, სადაც კოცონი არის დანთებული და სადაც მთელი სოფლის ქუდისდამხურავები იყრიან თავს, იმდენ ერთეულს, რამდენი ლამპარიც იქნა მისი ოჯახიდან გატანილი, ე.ი. რამდენი ქუდისდამხურავიც არის მის ოჯახში. სოფლის ცენტრში შეკრებილ ქუდისდამხურავთაგან სამი გამორჩეული მამაკაცი (შესაძლებელია მეტიც) დაილოცება და ღმერთს (წმ.გიორგის) შესთხოვს, ამრავლოს სოფელში ქუდისდამხურავები, იყოლიოს ისინი მფარველობის ქვეშ და მოასწროს მათ ლამპრობის მრავალი დღესასწაული. ამის შემდგომ სოფლის ყოველი მამაკაცი უკლებლივ შესვამს სამ ჭიქა არაყს, ჩვეულებისამებრ სამი ღმერთის – დიდი ღმერთის, მთავარანგელოზისა და წმ.გიორგის – სადღეგრძელოს, რის შემდეგაც აღავლენენ წმ.გიორგის სადიდებელს – “ჯვარგიშ”-ს. ყოველივე ამის შემდეგ იქვე კოცონის სიახლოვეს იშლება სუფრა და იწყება პურობა, რასაც თან სპორტული შეჯიბრება – თამაშობანიც ახლავს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ, მთხრობელის თქმით, ყოველ ლამპრობის დღესასწაულზე წესად ყოფილა სიმღერის “შგარი ლაშქარ” შესრულება, რომელსაც თურმე ხალხი მეორენაირად ლაშქრულსაც უწოდებდა. ლამპრობის დღესასწაულზე სიმღერის “შგარი ლაშქარ” შესრულების წესი უკვე დავიწყებასაა მიცემული. ფაქტობრივად, ცხუმარის მოსახლეობას დღესდღეობით ეს სიმღერა საერთოდ მივიწყებული აქვს.
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება – სვანეთინიუსი
P.S სხვა რიტუალია “სვიმნობ” , (იგივე მირქმის დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში) როცა მიცვალებულთა საფლავებზე კოცონს ანთებენ და რომელსაც ბალს ზემო სვანეთში 14 თებერვალს, საღამოს აღნიშნავენ.