წმიდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახ. 1010-1030 წლებში, მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმიდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმიდა მელქისედექი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამამთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება.
„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა მელქისედეკმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმიდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“.
წმიდა მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1030 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს, წმიდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან.
ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) +1049).
წმიდა მელქისედეკის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
*წმ. მელქისედეკის ანდერძის თანახმად, სვეტიცხოველში მის სახელზე აღესრულება ღამის თევის ჟამისწირვა და აღაპი.