“მე ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, მე ვცხოვრობდი სიყვარულისთვის, რატომ, რატომ, ღმერთო?!”

„როცა დედა ვნახე ციხეში, დაპატიმრებიდან ოთხი თვის შემდეგ, ახალგაზრდა ლამაზი ქალი, სრულიად მოხუცი და გამხდარი დამხვდა…“ – ამონარიდი ჰანნა ელიავა მემუარებიდან, ის დედას სრულიად მოულოდნელად შეხვდა ორთაჭალის ციხეში.

“მე ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, მე ვცხოვრობდი სიყვარულისთვის, რატომ, რატომ, ღმერთო?!” – ეს თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონას საოპერო არიაში ნამღერი სიტყვებია. ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტოსკას” მთავარი გმირი ქალის, ფლორია ტოსკას ცნობილმა არიამ “Vissi d’arte” მისი კარიერის აღმაფრენა და, შესაძლოა, მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების მთავარი კითხვა განაპირობა.

მელანია (ამალია) ელიავა-ვოლ ლევიცკა დაიბადა ვარშავაში 1885 წლის 6 აპრილს.

პროფესიული კარიერა დაიწყო როგორც კამერულმა მომღერალმა. 1910 წლის 5 მაისს მელანია ვოლის, როგორც საოპერო მომღერლის დებიუტი შედგა ვარშავის ოპერის სცენაზე.

1912 წელს მელანიამ ჯვარი დაიწერა ვარშავის ოპერის რეჟისორზე ნიკოლაი სტეფან ლევიცკიზე, რომელიც მისი პედაგოგი იყო. 1913 წლის მაისში წყვილს შეეძინა ქალიშვილი ჰანნა. ქორწინების შემდეგ მელანია ატარებდა ორმაგ გვარს ვოლ-ლევიცკა.

1915 წელს წარმოშობით პოლონელი მომღერალი თბილისის ოპერის იმპრესარიოს მოწვევით ჩამოდის კიევიდან თბილისში ქალიშვილთან ერთად. ერთი წლის შემდეგ თბილისში ჩამოდის მისი მეუღლე, ნიკოლაი ლევიცკიც, რომელიც თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ხდება და ასწავლის ვოკალს. მელანია იყო ერთ-ერთი, ვინც შეასრულა ეთერის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში “აბესალომ და ეთერი”.

მელანიას გვარი ყველგან მოხსენიებულია რუსული სტილით – ლევიცკაია.

მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან ირკვევა, რომ იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობდა  სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელსაც ქართველი ხელოვანები აწყობდნენ მოსწავლეებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად. მისი რეპერტუარი მოიცავდა 35 საოპერო არიას.

1920-იანი წლების დასაწყისში მელანია ვოლ-ლევიცკას პირად ცხოვრებაში ცვლილებები ხდება. იგი დაშორდა მეუღლეს ნიკოლაი ლევიცკის და 1921 წელს ცოლად გაჰყვა ქართველ მეცნიერს, მიკრობიოლოგ გიორგი ელიავას.

1921 წლიდან მელანია, გიორგი ელიავას მოთხოვნით, მეუღლის გვარით გამოდიოდა სცენაზე, რის გამოც იშვიათი გახდა მისი გამოსვლები. უცნობი გვარი, ელიავა ვეღარ ავსებდა დაცლილი ოპერის თეატრის დარბაზს.

1937 წლის 22 იანვარს მელანია (ამალია) ვოლ-ლევიცკა მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს.

ბრალად ედებოდა კ/რ ორგანიზაციის წევრობა, აქტიური დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობა გასაბჭოების დღიდან დაპატიმრებამდე.

ე.წ. განსაკუთრებული სამეულის გადაწყვეტილებით მელანიას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

მელანია ვოლ-ლევიცკა  1937 წლის 7 დეკემბერს დახვრიტეს.

მელანია ვოლ-ლევიცკა მის საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო რეაბილიტირებულია 1957 წლის აგვისტოში.

წყარო: რეპრესირებულთა ისტორიები – 1937-1938