მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი ალექსანდრე ყაზბეგი ლიტერატურული ფსევდონიმით აკაკია მოჩხუბარიძეთი იყო ცნობილი, ხოლო მისი თეატრალური ფსევდონიმი „მოხევე“ იყო. თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად, რუსულად და ძალიან კარგად ცეკვავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი დიდი მსახიობი არასდროს ყოფილა, მაგრამ სცენაზე „მთიულურს“ მისნაირად ვერავინ ასრულებდა.
მწერალი პატარაობიდან ძალიან მოუსვენარი იყო, თანატოლებთან უთანხმოება ხშირად ჰქონდა. დედამ მას მოჩხუბარიძე დაარქვა. ალექსანდრეს ეს სახელი ძალიან მოეწონა და თქვა: “ჰო, მოჩხუბარიძე მქვია და აკაკიასაც მეძახიან. ასე მესიამოვნება!”
მწერლის თანამედროვენი იგონებენ, რომ პატარა ალექსანდრე ძნელად ეგუებოდა გადაჭარბებულ ფუფუნებას. იგი ხშირად გარბოდა სახლიდან და დროს სოფლის ბიჭებთან ატარებდა. ,,მდაბალი ხალხი იმ თავითვე, ბავშვობიდანვე, უყვარდა, სული ბიჭებში მიუდიოდა და ვგონებ, მიზეზიც იგივე იყო, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…”- წერდა აკაკი წერეთელი.
მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ძალიან გაუჭირდა. დედამისი მისთვის ცოლის შერთვას ცდილობდა, სარძლოც კი შეარჩია, მაგრამ სტუმრად ყოფნისას ალექსანდრე იმ ოჯახიდან გაიპარა და გადაწყვიტა რუსეთში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად.
1869 – 1870 წლებში ალექსანდრე ყაზბეგი რუსეთში ცხოვრობდა, ჭავჭავაძეების ოჯახში, რომლის ერთ – ერთ ვაჟს ცოლად თავად ნიკოლოზ შატიხინის ქალიშვილი ჰყავდა. სწორედ ჭავჭავაძეებთან გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგმა ნინა ჩერნიშოვა – კრუგლოვა, რომელიც გრაფ ჩერნიშოვის ერთადერთი ქალიშვილი იყო.
პირველად ყაზბეგი ნინას სიყვარულში მაშინ გამოუტყდა, როცა ის ფორტეპიანოზე უკრავდა. ალექსანდრე ხელზე ეამბორა და უთხრა: “ნინა, მიყვარხარ, ნუთუ არ გრძნობ ამ ამბავს?”
და, მიუხედავად იმისა, რომ ნინა და მამამისი თავად ეახლნენ ალექსანდრე ყაზბეგს, რომ ეპატიებინა გენერლისთვის და ქორწილი არ ჩაეშალა, ალექსანდრემ მისი ქვეყნის შეურაცხყოფა ვერ აპატია ვერც რუს გენერალს და ვერც ჩერნიშოვების ოჯახს. ასე დასრულდა ამ სიყვარულის ისტორია. მწერალი ცხოვრების ბოლომდე არ დაოჯახებულა.
საქართველოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, ცხვარში წასულიყო. “გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნება, სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსებს განუშორებლად თან სდევს. მე, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას. ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქმენი მეცხვარედ”, – წერდა ყაზბეგი თავის “ნამწყემსარის მოგონებებში.”
მთაში ყოფნის დროს მან დიდი მასალა დააგროვა და ის ცნობილი ნაწარმოებები შეექმნა, რომელიც მომავალ თაობებს დაუტოვა.
ფუფუნებაში გაზრდილი ბიჭი რეალობას დაეჯახა და ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. თეატრში მის მოღვაწეობას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ფული რომ არ ჰქონდა მისთვის ძვირფას ნივთებს ჰყიდდა. მწერლის ახირებულ ხასიათს ფსიქიკური პრობლემები დაერთო, ყველასგან მიტოვებული მოთხრობების წერით დაკავდა. საბოლოოდ ალექსანდრე ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?” – წერდა აკაკი წერეთელი.